საქართველოს მთავრობის მიერ ავტომობილებზე განბაჟების ტარიფების ზრდის ფონზე საქართველოში მანქანების იმპორტ/ექსპორტი მკვეთრად მცირდება. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში იმპორტი წლიურად 23 პროცენტით, 925,8 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტზე გავიდა 537 მილიონი დოლარის ღირებულების 20,994 ავტომობილი, რაც წინა წელთან შედარებით 29%-ით, ანუ 217 მილიონი დოლარით ნაკლებია. კლების უმთავრესი მიზეზი ცენტრალური აზიის ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის მკვეთრი შემცირებაა.
რეექსპორტის სექტორის ვარდნას ბიზნესი ერთის მხრივ განბაჟების ტარიფების ცვლილებას და ავტომობილების იმპორტის კლებას, მეორეს მხრივ კი ძირითადი საექსპორტო ბაზრების მხრიდან საქართველოზე დამოკიდებულების შემცირებას უკავშირებს. როგორც Carmark-ის დირექტორი ამბობს, ბოლო ორი თვის განმავლობაში გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით შემცირდა. სექტორში არსებული კრიზისის ფონზე კი, ქართველი ავტოიმპორტიორები ცდილობენ ბიზნესმოდელი შეცვალონ.
“ორივე მიმართულება რომ ავიღოთ, ვთქვათ დილერებიც და ფიზიკური პირებიც, სადღაც საერთო ჯამში გაყიდვების 60%-იანი კლება გვაქვს. ძალიან სერიოზული ვარდნა გვაქვს გაყიდვებში და არა მხოლოდ ჩვენ. მაქვს კომუნიკაცია ჩემს კონკურენტებთან და იმათთანაც ანალოგიური მდგომარეობაა.
მაქსიმალურად ვცდილობთ ელექტრო ავტომობილების მიმართულებაზე გადავეწყოთ. ძიებაში ვართ, რომ ჩინეთიდან დავიწყოთ ბიუჯეტური, დაბალსეგმენტიანი ავტომობილების წამოყვანა, მაგრამ რამდენად გადაეწყობა ქართველი მომხმარებელი ბიუჯეტურ ჩინურ ავტომობილებზე, ჯერ არ ვიცით.
ეს დილერებზე მაინც არ არის გათვლილი, ანუ დილერი არ წაიყვანს ამას, ეს უფრო ფიზიკური პირებისთვისაა, ანუ რითეილის გაზრდის ხარჯზე გვინდა, რომ ბიზნესი წავწიოთ წინ გაყიდვებში და რაღაც ნიშა მაინც შევინარჩუნოთ.
სანამ რომელიღაცა ბაზარი არ გააქტიურდება, პერსპექტივაში არ ველი, რომ იმ ციფრებს როდესმე დავუბრუნდებით, რა ციფრებზეც ვიყავით აქამდე გასულები.
საექსპორტო ბაზრებზე კლება დაიწყო იქიდან, რომ მაგალითად ყაზახებმა და უზბეკებმა თვითონ დაიწყეს ამერიკის ბაზარზე, ევროპის ბაზარზე გასვლა, იქვე ოფისები გახსნეს და რეალურად საქართველოს მხოლოდ ტრანზიტად იყენებდნენ.
ჰაბის ფუნქციას ფაქტობრივად ვკარგავთ. აი ბაზრობაზე რომ გახვიდეთ, შეიძლება ასე ითქვას, რომ ცარიელია ბაზრობა. მომსახურების სააგენტოში რიგები რომ იყო და წინასწარ რომ ვეწერებოდით ხოლმე, განბაჟებაზე ან რეექსპორტზე, საერთოდ ცარიელია. ძალიან ცუდი მდგომარეობაა…
იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვა გვაქვს, დილერებს ვერ მოჰყავთ ავტომობილები, ახალი მანქანების წამოყვანა ყველა დილერს არ შეუძლია, ანუ უფრო ძვირი ღირს ახალი ავტომობილები, ძველი კიდევ ვერ შემოჰყავთ [აქციზის მკვეთრი ზრდის გამო]”,-აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.




























