მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოდაზღვევის პოლისების 15-20%-ით გაძვირებაა მოსალოდნელი - "არდი"

ავტოდაზღვევა

სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ავტოდაზღვევის პოლისებზე ფასების ზრდა 15-20%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

როგორც BMG-ის „არდის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, ამ მიმართულებით გაძვირების მთავარი მიზეზი ავტომომსახურებასა და ავტონაწილებზე მზარდი ფასებია, რის გამოც გასულ პერიოდში სადაზღვევო კომპანიებს ფასების დაკორექტირება უკვე მოუწიათ.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, სადაზღვევო პოლისების ღირებულებაზე გავლენა ლარის კურსსაც აქვს, რადგან ავტოდაზღვევის პაკეტები ძირითადად დოლარშია განფასებული.

„ავტოდაზღვევის მიმართულებით ფასების ზრდა კვლავ შეინიშნება. სერვისები და ავტონაწილები კვლავ ძალიან ძვირია, განსაკუთრებით ავტორიზებულ ცენტრებში. წელს ველოდებით, რომ დამატებით საშუალოდ 15-20%-ით გაძვირდება ავტოდაზღვევა. თუმცა ბუნებრივია, ინდივიდუალურად, კონკრეტულ მძღოლზეა დამოკიდებული მისთვის როგორ გადაიხედება პოლისების ფასები. ამერიკაშიც კი ბევრ შტატში ავტოდაზღვევა მნიშვნელოვნად, 25%-ითაა გაძვირებული. სადაზღვევო პოლისებზე გავლენა ლარის კურსსაც აქვს. გასულ პერიოდში ლარი გამყარებული იყო და როდესაც ავტოდაზღვევა დოლარშია, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიებში ლარში შენაკადები მცირდება. ამ დროს კი ავტონაწილები და სერვისი ლარში მნიშვნელოვნად გაძვირებული იყო. შესაბამისად, კომპანიებმა სტრესი მიიღეს და ახლა გარკვეულწილად ამის კომპენსირებას ცდილობენ“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% იყო დაზღვეული. პირველ კვარტალში ამ კუთხით ჯამში 128 839 სადაზღვევო პოლისი იყო რეგისტრირებული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 116,265.

ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 70.2 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, მაშინ როცა გასული წლის იანვარ-მარტში ამ კუთხით მოზიდული პრემიის ჯამური მაჩვენებელი 56.24 მლნ ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები