საქსტატმა 2026 წლის პირველი ოთხი თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ჯამურად ექსპორტი 21.1%-ით, 2.44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, მკვეთრად, 217 მილიონი დოლარით, ანუ 29%-ით, 537 მილიონ დოლარამდე შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, თუმცა 922%-ით არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის - ბლექ სი პეტროლიუმის მიერ ოპერირების დაწყებასთან. მთლიანობაში, იანვარ-აპრილში საქართველოდან 324 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. მესამე ადგილს ექსპორტში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 225 მილიონი დოლარით (ზრდა 134%), ასევე გაზრდილია ფეროშენადნობების, სპილენძის მადნების, ღვინის, მინერალური წყლების, გაზიანი სასმელების და ლიმონათების, თხილის და სხვა საქონლის ექსპორტი, კლება კი სპირტიანი სასმელების ექსპორტში ფიქსირდება.
2026 წლის პირველი 4 თვის ტოპ საექსპორტო საქონელი:
| # | საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/კლება |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $537.4 | -29% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $324.1 | 922% |
| 3 | ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები | $225.1 | 134% |
| 4 | ფეროშენადნობები | $94.6 | 92% |
| 5 | სპილენძის მადნები და კონცენტრატები | $80.1 | 119% |
| 6 | სპირტიანი სასმელები | $75.9 | -1% |
| 7 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | $73.5 | 2% |
| 8 | მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე | $63.9 | 10% |
| 9 | გაზიანი სასმელები, შაქრის შემცველობით | $61.0 | 39% |
| 10 | თხილი და სხვა კაკალი | $59.7 | 58% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $844.5 | 11% |




























