პოსტპანდემიურ პერიოდში ფინანსური პრობლემების წინაშე დავდგებით, - განუცხადა BM.GE-ს „ჰერც საქართველოს“ დირექტორმა თენგიზ ცინცაძემ.
როგორც ავტოგაქირავების კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამბობს, ეკონომიკური აქტივობის განახლების შემდეგ კომპანია ვერ შეძლებს „ჩვეულ რიტმში“ დაბრუნებას და სხვადასხვა მიმართულებებით ვალდებულებების შესრულების საკითხში პრობლემები შეექმნებათ.
„კრიზისი ავტოგაქირავების სფეროსთვის ჯერ არ დაწყებულა. კრიზისი დაიწყება პოსტპანდემიის დროს. თუ რიამე მოლოდინი გვაქვს ამ სეზონთან დაკავშრებით, ამ მოლოდინების 20%-ის მიღება მაინც ჩაითვლება წარმატებად. პოსტ პანდემიურ პერიოდში დავდგებით ფინანსური პრობლემების წინაშე, რადგან ახლა ბანკებმა და სხვადასხვა პარტნიორმა კომპანიებმა დროებით „შეგვიჩერეს-გადაგვივადეს“ ვალდებულებების მოთხოვნა, მაგრამ როცა ქვეყანა (1-2 თვის შემდგომ) ჩვეულ რიტმში დაბრუნდება და ვალდებულებების გადახდა განახლდება, აი, ეს "ჩვეული რიტმი" ჩვენთვის არ იქნება ჩვეული რიტმი და მოგვიწევს, დიდი ქვეყნების ჩვეულ რიტმში დაბრუნების დალოდება. ცალსახაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე არააქტიური და ფინანსურად წამგებიანი ტურისტული სეზონი გველის წინ. საზღვრების გახსნაც რომ ოპერატიულად მოხერხდეს, ტურისტულ ნაკადს მაინც საკმაო ხანი დასჭირდება იმისთვის, რომ ქვეყნებში შედინება დაიწყოს. ეს გავლენას იქონიებს ავტო-გაქირავების სექტორსა და ტურისტული სფეროს ყველა დანარჩენ სეგმენტზე“, - ამბობს თენგიზ ცინცაძე.
BM.GE-ს კითხვაზე - როგორ შეაფასებს ის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრისიულ გეგმა, კონკრეტულად მოსახლეობაზე "ზრუნვის პაკეტს", რომელიც ასევე ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპსაც მოიცავს, რაც კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გარკვეულ მოლოდინებსაც ქმნის, „ჰერცის“ დირექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, იმისთვის, რომ კერძო სექტორმა იცოდეს, რა სტიმულირების მექანიზმებით დაეხმარება სახელმწიფო.
„ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არც აქამდე იყო იდეალურ მდგომარეობაში, ალბათ მოხდა შესაძლებლობების მაქსიმუმი, არ უნდა ვიყოთ უმადურნი და ეს აუცილებლად უნდა დავინახოთ. მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ გეგმა უნდა იყოს გრძელვადიანი, რადგან კრიზისი არ გავა ვირუსთან ერთად, ის თავის უარყოფით გავლენას დიდხანს დატოვებს. ასე რომ, საჭიროა გრძელვადიანი ეკონომიკური გათვლებიდან გამომდინარე მოხდეს ბიზნესის სტიმულირება (რაღაც ნაწილის უკვე მოხდა), ვგულისხმობ უფრო გრძელვადიანად (მაგალითად, გადასახადები უნდა ვიხადოთ თუმცა მოხდეს %-ის შემცირება რაღაც პერიოდზე, თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში). ასევე ამ ვირუსმა დაგვანახა, რომ შიდა პროდუქტის და წარმოების მოცულობის გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია და რაღაც ნაწილი თანხებისა, რომელიც „ზრუნვის პაკეტზეა“ მიმართული, უნდა გადანაწილდეს ამ მიმართულებით, რადგან ეს პრობლემა 3 თვეში არ მოგვარდება. ჯობია, ხალხი მასობრივად დასაქმდეს, ვიდრე რაღაც პერიოდი საარსებო მინიმუმი მიიღოს”, - აცხადებს „ჰერცის“ დირექტორი.