მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოჰაბის შესანარჩუნებლად სახელმწიფო სერვისები კი არ უნდა გაძვირდეს, არამედ გაიაფდეს - დავით ბარამიძე

ავტოექსპორტი

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ სერვისების გაძვირების მოსალოდნელ შედეგებს ავტო ლოგისტიკური კომპანიები აფასებენ. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი დავით ბარამიძე ამბობს, სერვისების ფასების ზრდა ქვეყნის ავტოჰაბის სტატუსს მნიშვნელოვან რისკებს უქმნის.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ რეგულირებადი რიგი მომსახურებების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება. ცვლილებები შეეხება როგორც საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემას, ისე იმ უცხოელებისთვის სერვისებს, რომლებიც საქართველოში შეძენილ ავტომობილებს ექსპორტზე ან რეექსპორტზე გააქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა 640% ტრანზიტული ნომრების გაცემას შეეხო. ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური 370 ლარი იქნება, მოქმედი 50 ლარის ნაცვლად.

დავით ბარამიძის თქმით, საქართველოს ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, არაბთა გაერთიანებული ემირატების სახით მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა, რომელიც საქართველოს მსგავსად ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, მათ შორის ისეთ ბაზრებს აწვდის, როგორიც არის ყაზახეთი, უზბეკეთი, ბაზრებს და სადაც საქართველოს ავტომობილების რეექსპორტზე აქტიურად მუშაობს. დავით ბარამიძე ამბობს, რომ სერვისის ღირებულების ზრდით საქართველოს კონკურენტული უპირატესობა დაეკარგება.

“პირიქით - უნდა ვეცადოთ ფასების დასტაბილურებას და შემცირებას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ჰაბი.

ახლახან ვიყავი ემირატებში, ჩვენი კონკურენტები არიან, ანალოგიურ სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს და ანალოგიური ავტოჰაბის როლს ასრულებენ. ავტომობილები კი ზუსტად იმ ქვეყნები გაჰყავთ, სადაც ჩვენ კლიენტები გვყავს.

რა პირობებს შევთავაზებთ ჩვენ როგორც ჰაბი და რა პირობებს მისცემენ ჩვენი კონკურენტები, ანუ ემირატები. ჩვენ თუ გავზრდით ფასებს, ხელოვნურად შევუქმნით ბარიერებს, ქვეყნიდან რომ არ განხორციელდეს დიდი მოცულობით ექსპორტი და რეექსპორტი.

ჩვენ ვცდილობთ გავიდეთ და გავაცნოთ ჩვენი შეთავაზებები სხვა ქვეყნებს, მაგრამ თუ სერვისის ფასების ზრდა მოხდება, რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს და გაართულებს ჩვენს პოპულარიზაციას და იმ პოტენციური ხალხის შემოდინებას, ვინც შეიძლება საქართველოში შემოვიდეს და უფრო მეტი მანქანა გაიყვანოს ჩვენგან ექსპორტზე.” - აცხადებს Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი დავით ბარამიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან 2,2 მლრდ აშშ დოლარის 92 713 ცალი მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. პირველ ხუთ ადგილს უკვე რამდენიმე წელია ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები