საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და პლენარულმა მეორე მოსმენით და დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია“ ეხმაურება და პროცესს გაუმჭვირვალეს უწოდებს.
ასოციაციის განცხადებით, მიუხედავად სურვილისა, მათ საკომიტეტო მოსმენაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ იმ მოტივით, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
ავტოიმპორტიორთა ასოციაცია რამდენიმე საკვანძო კითხვას სვამს, რომლებზეც, მათი თქმით, ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია.
კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ჰაერის დაბინძურების შემცირება სახელდება, თუმცა ავტოიმპორტიორები მიიჩნევენ, რომ ავტორებს არ წარმოუდგენიათ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა. მათი თქმით, უცნობია, რა პერიოდში უნდა გამოიწვიოს ამ ცვლილებამ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და რამდენად შეძლებს მოსახლეობა ავტოპარკის განახლებას არსებული მსყიდველობითუნარიანობის პირობებში.
bm.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს, მეორე მოსმენით და დაჩქარებული წესით, განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, აგრეთვე ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებები აღნიშნული კანონპროექტის ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით.
ხმათა უმრავლესობით კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად იცვლება მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი.
კერძოდ, აქციზის განაკვეთი:
- 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარით;
- 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის — 1 სმ³-ზე 4.5 ლარით.
ჩვენი ასოციაციისა და ბიზნესის წარმომადგენლების სურვილის მიუხედავად, საკომიტეტო მოსმენაზე დასწრების შესაძლებლობა არ მოგვეცა იმ მოტივით, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა.
დარჩა არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია, კერძოდ:
1. საკომიტეტო მოსმენებზე გაჟღერდა, რომ კანონპროექტის ავტორებმა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარეს ავტომოყვარულებთან. ამავდროულად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კონსულტაციები ჩატარებულია მხოლოდ სახელმწიფო უწყებებთან. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა — საბოლოოდ, ვისთან გაიმართა კონსულტაციები: ავტომოყვარულებთან, ავტოსპორტსმენებთან, ავტომფლობელებთან თუ ავტოიმპორტიორებთან (ბიზნესთან)?
2. აღნიშნულიდან გამომდინარეობს შემდეგი კითხვებიც: ვინ და რა მეთოდოლოგიით განსაზღვრა აქციზის ტარიფების ზრდა 6 წლამდე და 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის? რატომ შეირჩა კონკრეტულად 1.5 და 4.5 ლარის განაკვეთი და არა სხვა ტარიფი? რატომ დადგინდა 6-წლიანი ზღვარი, მაშინ როდესაც იგივე ევრო სტანდარტებით (Euro 6) ემისიას 2015 წლის ავტომობილებიც აკმაყოფილებს?
3. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ახალი რეგულაციების პირობებში ბიზნესის დაახლოებით 60% გადაეწყობა ახალ წესებზე. რა საფუძველს ეყრდნობა აღნიშნული ოპტიმისტური პროგნოზი? მიზანშეწონილია კანონმდებლების მხრიდან წარმოდგენილი ყოფილიყო შესაბამისი ანალიზი:
- რამდენი კომპანია ოპერირებს ბაზარზე;
- რამდენი დილერია დასაქმებული;
- მათგან რამდენი მუშაობს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტზე;
- ასევე, რამდენი ადამიანი შეიძლება დარჩეს დასაქმების გარეშე ამ ცვლილებების შედეგად (კონკრეტული ციფრებით).
4. გაურკვეველია, შესწავლილია თუ არა აღნიშნული ცვლილებების გავლენა ეკონომიკაზე ფისკალური და მონეტარული კუთხით. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე გადასახადების ზრდა შეამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს, თუმცა ეს უნდა დაბალანსდეს 6 წლამდე ავტომობილებზე აქციზის ზრდით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტული ციფრების წარმოდგენა:
- რა მოცულობით შემცირდება და გაიზრდება შემოსავლები;
- რა გავლენა ექნება გადაწყვეტილებას ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებზე;
ჩატარებულია თუ არა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან ინფლაციაზე შესაძლო გავლენის შეფასების მიზნით.
საჭიროა მეტი რაოდენობრივი ანალიზი და ნაკლები ზოგადი განცხადება.
5. გაუგებარია, რატომ არ იყო წარმოდგენილი დეტალური სტატისტიკური მონაცემები უკვე პირველი მოსმენისთვის:
შიდა ბაზრის წლიური მოთხოვნა;
ავტომობილების განაწილება ტიპების მიხედვით (ბენზინი, დიზელი, ჰიბრიდი, ელექტრო);
ავტოპარკის განახლების პროგნოზი მოსახლეობის შემოსავლებისა და მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით.
6. დამატებით, კანონპროექტის ავტორებს არ წარმოუდგენიათ ვადები, თუ რა პერიოდში უნდა გამოიწვიოს აღნიშნულმა ცვლილებებმა ჰაერის დაბინძურების შემცირება, ასევე არ არის წარმოდგენილი დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა", - წერს ასოციაცია.
შეგახსენებთ, პარლამენტმა კანონი დაჩქარებულიწ ესით მეორე მოსმენით უკვე მიიღო და დღესვე იგეგმება მესამე მოსმენით მიღებაც.




























