მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების აქციზზე გარდამავალი პერიოდი დასრულდა - რა წესები მოქმედებს დღეიდან?

ავტომობილები

დღეიდან, 1-ელი ივლისიდან, ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ახალი აქციზის წესების გარდამავალი პერიოდი დასრულდა. შესაბამისად, ძველი აქციზის განაკვეთით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ ის პირები, რომლებმაც ავტომობილის ტრანსპორტირება 2026 წლის 1-ელ აპრილამდე დაიწყეს, თუმცა სახმელეთო გზით ან საკუთარი სვლით მოძრავი ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1-ელ ივლისამდე ვერ გადმოიყვანეს.

ახალი აქციზის სისტემა საქართველოში 2026 წლის 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, აქციზის ტარიფები შეიცვალა და ავტომობილის ასაკის მიხედვით დიფერენცირებული განაკვეთები დაწესდა.

კერძოდ, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის აქციზი ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე 1.5 ლარს შეადგენს, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის განაკვეთი გასამმაგდა და 1 სმ³-ზე 4.5 ლარით განისაზღვრა.

უცვლელი დარჩა შეღავათი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის, რომლებიც ძირითადი განაკვეთის მხოლოდ 40%-ით იბეგრებიან. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე კი კვლავ ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული ოდენობა ვრცელდება.

ცვლილებების მიღებისას პარლამენტმა გარდამავალი დებულებებიც განსაზღვრა. კერძოდ, ძველი ტარიფი ვრცელდებოდა იმ ავტომობილებზე, რომლებიც საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე შემოვიდა ან რომელთა ტრანსპორტირება ამ თარიღამდე დაიწყო. სახმელეთო გზით ან საკუთარი სვლით გადაადგილებული ავტომობილებისთვის დამატებითი პირობა იყო, რომ მათ საქართველოს საზღვარი არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ივლისისა უნდა გადმოეკვეთათ. სწორედ ეს ვადა ამოიწურა დღეიდან.

კანონპროექტი პარლამენტმა მარტში დაჩქარებული წესით მიიღო. ინიციატორების განმარტებით, მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფდა ახალი ავტომობილების იმპორტის სტიმულირებას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხანდაზმული ავტომობილები ხასიათდება მავნე ნივთიერებების უფრო მაღალი ემისიით, საწვავის არაეფექტიანი მოხმარებითა და ტექნიკური გაუმართაობის გაზრდილი რისკით, რაც ჰაერის დაბინძურებასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. მათი შეფასებით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის მნიშვნელოვანი ზრდა ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები