მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

დაზღვევა

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია.

მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვაში ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული.

კითხვაზე, რატომ ჭიანურდება მისი მიღება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კანონპროექტის მზაობის შესახებ საუბარი დიდი ხანია მიდის, ონოფრიშვილმა უპასუხა: „ზოგადად, ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ორი თვეა, მართლა მზად არის, წინა შემთხვევებში გადამუშავდა. ძალიან რთული დასამუშავებელი იყო, რადგან ავტომობილების ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, რაც აღრიცხული აქვს შსს-ს, ბევრი მანქანა წლებია აღრიცხულია, თუმცა შესაძლოა, 2030 წლისთვის აღარ იყოს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ დავთვალოთ ოპტიმალურად. ვთვლი, რომ ახლა საკმარისად მზად ვართ, რომ მინიმალური განხილვებით შევიდეს კანონი ძალაში“, - განაცხადა ონოფრიშვილმა და დასძინა, რომ არ იცის, მოესწრება თუ არა კანონის მიღება მიმდინარე წელს.

რაც შეეხება ტარიფებს, დავით ონოფრიშვილის თქმით, ტარიფი იქნება იმავე დონის, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია.

„თუ ადამიანს მანქანა ჰყავს, 150 და 200 ლარი წლიურად ყველას გააჩნია, ზოგს ცოტა მეტი, ზოგს ცოტა - ნაკლები. ადამიანისთვის, რომელიც თვის განმავლობაში ასხამს საწვავს, ცვლის საბურავს, თვეში 10-15 ლარის სავალდებულოდ გადახდა შესაძლებელია. ეს კანონი არის უნიკალური იმით, რომ ამაზე უკეთესი არავის მოუგონია. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა არის ყველა ქვეყანაში და ვფიქრობთ, ყველა ადამიანი იგრძნობს პოზიტივს, რადგან ავარიის შემთხვევაში ყველაფერი დალაგებული იქნება“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის წლიურ გეგმაში გაწერილია, რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე უნდა გაიმართოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები