საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირებულია - 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან EU-ში საქონლის ექსპორტმა მხოლოდ 565 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45 მილიონი დოლარით, ანუ 7.5%-ით ნაკლებია. საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო ბულგარეთია ($212 მილიონი) და მასთანაც ექსპორტის 28%-იანი კლებაა.
2023 წლის 9 თვეში ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში მხოლოდ 12.3%ი იყო. შედარებისთვის შარშან ეს 15%; 2021 წელს კი 17% იყო. 2013-2020 წლებში ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 20%-ზე მეტი მოდიოდა. შესაბამისად, წელს EU-ს წილი მთლიან ექსპორტში ათწლიან მინიმუმამდე დაეცა.
საქართველო EU-ში ძირითადად ნახევარფაბრიკატებსა და ნედლეულს აგზავნის, რომლისგანაც შემდგომ თავად EU-ს ქვეყნები უფრო მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტებს ქმნიან. როგორც ექსპორტის სტატისტიკა აჩვენებს ორ მთავარ ნედლეულში, რომლითაც საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობს შემცირება ფიქსირდება. ესენია სპილენძის მადნები და თხილი.
სანაცვლოდ კი მკვეთრად, 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში და მან რეკორდულ 2 მილიარდ 960 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს კი იმის მიუხედავად, რომ დსთ-ს ქვეყნების ჯამური მოსახლეობა 240 მილიონია (EU-ს მოსახლეობაზე 46%-ით ნაკლები), ხოლო დსთ-ს ქვეყნების ჯამური მშპ 4 ტრილიონამდეა, EU-ზე 4-ჯერ ნაკლები
ამის მიუხედავად, დსთ-ს ბაზრის მიმზიდველობა საქართველოსთვის მკვეთრად გაზრდილია, რაც პირველ რიგში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, დაწესებულ სანქციებს და ახლად შექმნილ შემოვლით საექსპორტო მარშრუტებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც საქართველოდან რუსეთში დიდი მოცულობით საქონელი გადის რეექსპორტზე. შედეგად, დსთ-ს წილმა მთლიან ექსპორტში 64.4%-ს მიაღწია. ექსპორტში დსთ-ზე ასეთი დიდი წილი მაშინაც კი არ მოდიოდა, როდესაც ქვეყანა დსთ-ს წევრი იყო.
ექსპორტის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მატებაა, რამაც უკვე 1 მილიარდ 560 მილიონ დოლარს მიაღწია (ზრდა $972 მლნ), თუმცა შემცირებულია სპილენძის მადნების ექსპორტი $315 მლნ-ით და ფეროშენადნობების ექსპორტი $291 მილიონით. ზრდაა ღვინის, სპირტიანი სასმელების, ელექტროენერგიის, მინერალური წყლების და სხვა საქონლის ექსპორტი. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ექსპორტში #1 ადგილს აზერბაიჯანი იკავებს, მეორე პოზიციას სომხეთი, მესამეს კი რუსეთი იკავებს.
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ექსპორტის მატების მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბუმია. ჩინეთში ექსპორტის შემცირება კი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის კლებას უკავშირდება.
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ექსპორტის მატების მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბუმია. ჩინეთში ექსპორტის შემცირება კი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის კლებას უკავშირდება.
სტუმარი: ალექსი ნონიაძე - “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;