მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები

მეორადი ავტომობილების ბაზარმა ბოლო წლებში უპრეცედენტო რყევები გადაიტანა. პანდემიის პერიოდში მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა და ქარხნების გაჩერებამ მოთხოვნის მკვეთრი ზრდა და რეკორდულად მაღალი ფასები გამოიწვია, წარმოების აღდგენასთან ერთად კი ფასებმა თანდათანობით კვლავ კლება დაიწყო.

ავტოკვლევითი პლატფორმის, iSeeCars-ის უახლესმა კვლევამ, რომელმაც 2025 წლის მარტიდან 2026 წლის თებერვლამდე გაყიდული 950 000-ზე მეტი მეორადი ავტომობილი გააანალიზა, აჩვენა, რომ ავტომობილის საშუალო 5-წლიანი გაუფასურების მაჩვენებელი 41.8%-მდე გაუმჯობესდა. რაც 2025 წლის მონაცემთან (45.6%) შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით უკეთესი შედეგია.

TOP 5 ავტომობილი, რომლებიც ყველაზე კარგად ინარჩუნებენ ფასს

იმ მოდელებს შორის, რომლებიც 5 წლის შემდეგ საწყის ფასთან ყველაზე ახლოს რჩებიან სპორტული ავტომობილები და გამძლეობით ცნობილი იაპონური პიკაპები დომინირებენ.

#5. Toyota Tundra (გაუფასურება: 21.2% | -$8,746 საწყის ფასთან შედარებით)

პიკაპი Toyota Tundra რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს და ხუთწლიანი ექსპლუატაციის შემდეგ თავისი ღირებულების მხოლოდ 21.2%-ს, საშუალოდ 8746 დოლარს კარგავს. Tundra ცნობილია განსაკუთრებული საიმედოობით, მაღალი გამწევი ძალითა და კომფორტული სალონით, რაც მას იდეალურად აქცევს მათთვის, ვინც ავტომობილს გრძელვადიანი სამუშაო თუ საოჯახო მიზნებისთვის ყიდულობს.

#4. Toyota Tacoma (გაუფასურება: 19.9% | -$6,426 საწყის ფასთან შედარებით)

საშუალო ზომის პიკაპების ეტალონად მიჩნეული Toyota Tacoma 5 წლის განმავლობაში თავისი ღირებულების 20%-ზე ნაკლებს კარგავს, რაც დოლარებში საშუალოდ მხოლოდ $6,426-ის ტოლფასია. მოდელის მექანიკური გამძლეობა, გამავლობის შეუდარებელი შესაძლებლობები და უნარი, მინიმალური ტექნიკური მომსახურებით ასობით ათასი კილომეტრი დაფაროს, მასზე უზარმაზარ მოთხოვნას განაპირობებს.

#3. Chevrolet Corvette (გაუფასურება: 18.7% | -$13,365 საწყის ფასთან შედარებით)

Chevrolet Corvette აგრძელებს ევროპული სუპერქარების გამოწვევას არა მხოლოდ ტრეკზე, არამედ ფასის შენარჩუნების კუთხითაც, რადგან ხუთ წელიწადში მისი გაუფასურება მხოლოდ 18.7%-ს შეადგენს. C8 თაობის ცენტრალურძრავიან პლატფორმაზე გადასვლამ მოდელს ეგზოტიკური იერი და სუპერქარის დონის აჩქარება შესძინა ისეთ ფასად, რომელიც კონკურენტებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია.

#2. Porsche 911 (გაუფასურება: 11.1% | -$15,533 საწყის ფასთან შედარებით)

საავტომობილო სამყაროს ლეგენდა Porsche 911, მეორე პოზიციას იკავებს და 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 11.1%-ით უფასურდება. 911-ში იდეალურადაა შერწყმული ყოველდღიური პრაქტიკულობა, უკვდავი დიზაინი და სარბოლო დონის მართვადობა. ავტომოყვარულები ამ მოდელს არა უბრალო სატრანსპორტო საშუალებად, არამედ სოლიდურ კაპიტალდაბანდებად განიხილავენ, რის გამოც მოვლილი, მცირე გარბენის მქონე ეგზემპლარების ფასი მეორად ბაზარზე თითქმის არ ეცემა.

#1. Porsche 718 Cayman (გაუფასურება: 9.6% | -$6,988 საწყის ფასთან შედარებით)

Porsche 718 Cayman ბაზრის აბსოლუტური ლიდერია: 5 წლის შემდეგ მანქანა საწყისი ღირებულების 10%-ზე ნაკლებს (საშუალოდ მხოლოდ $6,988-ს) კარგავს. მოდელი გამოირჩევა ცენტრალური ძრავის იდეალური ბალანსით, უზუსტესი მართვითა და კლასიკური სპორტული პროპორციებით, რასაც შედარებით შეზღუდული წარმოების რაოდენობა ემატება. მძღოლზე ორიენტირებული ნამდვილი სპორტქარის მაძიებელი მყიდველები მეორად ბაზარზე მზად არიან სოლიდური თანხა გადაიხადონ, რაც Cayman-ის მფლობელებს პრემიუმ კლასისთვის დამახასიათებელი დიდი ფინანსური დანაკარგისგან იცავს.

TOP 5 ავტომობილი, რომლებიც ყველაზე მეტად უფასურდება

საპირისპირო მხარეს ვხედავთ ძვირად ღირებულ ლუქს-კლასის ყველგანმავლებსა და ელექტრომობილებს, რომელთა მფლობელებიც 5 წელიწადში საწყისი თანხის 60%-ზე მეტს კარგავენ.

#5. Land Rover Range Rover (გაუფასურება: 61.7% | -$69,856 საწყის ფასთან შედარებით)

Land Rover Range Rover თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ რამდენად კოლოსალური შეიძლება იყოს ფინანსური ზარალი, პრემიუმ ჯიპის შეძენისას - 5 წელიწადში მისი ფასი საშუალოდ $69,856-ით, ან 61.7%-ით ეცემა. ბრიტანული ფუფუნებისა და გამავლობის უნიკალური ნაზავი მდიდარ მყიდველებს იზიდავს (ძირითადად ლიზინგით), თუმცა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ რთული პნევმატიკური დაკიდების სისტემის, ელექტრონიკისა და ძრავის ძვირად ღირებული სერვისის შიში, მეორად ბაზარზე მოთხოვნას მკვეთრად აგდებს.

#4. Tesla Model S (გაუფასურება: 62.0% | -$58,907 საწყის ფასთან შედარებით)

ელექტრომობილების პიონერმა ფლაგმანმა Tesla Model S ხუთ წელიწადში საშუალოდ 62.0%-იანი გაუფასურება აჩვენა, რაც $58,907-იან რეალურ დანაკარგს ნიშნავს. მიუხედავად ფენომენალური აჩქარებისა და Supercharger-ის ინფრასტრუქტურისა, Tesla-ს მიერ ახალ მოდელებზე ფასების აგრესიულმა დაწევამ პირდაპირ დაარტყა ძველი მოდელების საბაზრო ფასს. გარდა ამისა, ელემენტის შეცვლის პოტენციური ხარჯები და ტექნოლოგიების მუდმივი განახლება მეორად Model S-ს სწრაფად აუფასურებს.

#3. Volkswagen ID.4 (გაუფასურება: 62.1% | -$28,010 საწყის ფასთან შედარებით)

Volkswagen-ის მასობრივი ელექტრო-ქროსოვერი ID.4 ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ავტომობილების სამეულში ხვდება - ხუთ წელიწადში მისი ღირებულება 62.1%-ით მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი კომფორტულ საოჯახო ელექტრომობილად შეიქმნა, პირველი წლების მოდელების პროგრამულმა ხარვეზებმა და Tesla-სა თუ კორეული ბრენდების მხრიდან სასტიკმა კონკურენციამ, მეორად ფასზე მძიმე კვალი დატოვა. მეორადი მყიდველები ამ მოდელის შეძენას მხოლოდ მკვეთრი ფასდაკლების პირობებში თანხმდებიან.

#2. INFINITI QX80 (გაუფასურება: 62.8% | -$52,631 საწყის ფასთან შედარებით)

ლუქს-ჯიპი, INFINITI QX80 საწყისი ფასის 62.8%-ს კარგავს, რაც მფლობელისთვის საშუალოდ $52,631-ის ოდენობის ზარალია. ავტომობილის V8 ძრავი და ინტერიერის ოდნავ მოძველებული არქიტექტურა, რომელმაც თანამედროვე კონკურენტებთან შედარებით აქტუალობა დაკარგა, მეორად ბაზარზე დაბალ მოთხოვნას განაპირობებს. პრემიუმ სეგმენტის მყიდველები უპირატესობას უფრო ეკონომიურ ან ტექნოლოგიურად დახვეწილ ალტერნატივებს ანიჭებენ.

#1. Nissan LEAF (გაუფასურება: 63.1% | -$17,743 საწყის ფასთან შედარებით)

კვლევის მიხედვით, 5 წელიწადში პროცენტულად ყველაზე მეტად გაუფასურებული ავტომობილი Nissan LEAF-ია, რომლის ღირებულებაც 63.1%-ით ვარდება. როგორც მასობრივი ელექტრომობილების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, LEAF ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩამორჩა თანამედროვე კონკურენტებს, რომლებსაც თხევადი გაგრილების ბატარეები, გაცილებით დიდი სვლის მარაგი და სწრაფი დამუხტვა აქვთ. მართალია, დაბალი საწყისი ფასის გამო დოლარებში დანაკარგი შედარებით მცირეა, მაგრამ პროცენტული ვარდნა ბიუჯეტური ელექტრომობილების სისუსტეს მკაფიოდ ასახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები