მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტომობილები უკვე გაძვირდა, გაყიდვები კი შესაძლოა განახევრდეს - HOA Auto Import აქციზის მატებაზე

avt

კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელი რეზო ტაბატაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ცვლილებების გამო, რომლის ფარგლებშიც ავტომობილების იმპორტზე აქციზი 1-ელი აპრილიდან გაძვირდება, ქართულ ბაზარზე ავტომობილების ღირებულება უკვე გაიზარდა - ამის შესახებ რეზო ტაბარაძემ BMG-სთან ისაუბრა.

"აღნიშნულმა კანონპროექტმა უკვე გამოიღო შედეგი ქართულ რეალობაში, რადგან ადამიანებმა, რომლებსაც ჰყავთ გასაყიდი ავტომობილები, უკვე დაიწყეს ფასების გაზრდა, რადგან მოლოდინი არის შემდეგნაირი: ხვალ თუ ვინმე მსგავს ავტომობილს შემოიყვანს, მას უკვე მოუწევს გაზრდილი განბაჟების ტარიფი გადაიხადოს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის, ამ შემთხვევაში ავტომობილის, ღირებულება იზრდება და ეს უკვე ბაზარს დაეტყო. საშუალოდ უკვე ბაზარზე ავტომობილები გაძვირებულია იმ ნიშნულით, რა მოლოდინიც აქვთ განბაჟების ტარიფის ცვლილების შედეგად გაზრდილ ფასზე", - ამბობს ის.

ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონპროექტის გამოცხადებული მიზნები - ავტოპარკის განახლება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება - შესაძლოა, რეალობას ასცდეს. რეზო ტაბატაძე განმარტავს, რომ სინამდვილეში აქციზის მატება ავტოპარკის კიდევ უფრო დაძველებას გამოიწვევს.

"კანონპროექტით გათვალისწინებული და დაანონსებული მიზნები არის გაუმჯობესებული ეკოლოგია და განახლებული ავტოპარკი. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მივიღებთ საერთოდ საპირისპირო რეალობას, რადგან ადამიანებს რომ ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, რომ ნაცვლად 2014-15 წლიანი ავტომობილისა შეეძინათ 2022-25 წლიანი ავტომობილები ან თუნდაც ცენტრიდან გამოეყვანათ, ისინი ამას უკვე გააკეთებდნენ.

რეალობაში მივიღებთ იმას, რომ ადამიანები შეეცდებიან არსებული მოძველებული ავტომობილები შეინარჩუნონ, შეაკეთონ არაერთხელ, რაც გამოიწვევს იმას, რომ ავტოპარკი ნაცვლად განახლებისა, დაძველდება. დაძველებული ავტოპარკი კიდევ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეკოლოგია არ გაუმჯობესდება და პირიქით, წავა უარესობისკენ. ამიტომ ეფექტი ნაცვლად დადებითისა, იქნება ნეგატიური", - ამბობს რეზო ტაბატაძე.

HOA Auto Import-ის დამფუძნებელი სექტორში მოთხოვნის მკვეთრ კლებასა და გაყიდვების მოსალოდნელ განახევრებაზე საუბრობს. რეზო ტაბატაძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დარგის სპეციალისტები ჩართულები არ ყოფილან.

"[ავტოიმპორტის კომპანიების] მოთხოვნა უკვე შემცირებულია. კომპანიების უმეტესობამ შესყიდვები, ალბათ, ერთი თვით ადრე გააჩერა იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჰქონდათ ვალდებულება საკუთარ მომხმარებლებთან, 1-ელ აპრილამდე მოესწროთ ავტომობილების ჩატვირთვა. ამიტომ თითქმის ყველა კომპანიამ გააჩერა 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შეძენა. ეს უკვე დაეტყო ავტოიმპორტს და საორიენტაციოდ გაყიდვები ალბათ განახევრდება, თუმცა ეს კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება მომდევნო თვეების პერიოდში.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად გვემართება ასე: სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით, ვერ ვიაზრებთ რამხელა ნეგატივი შეიძლება გამოიწვიოს ამათუ იმ ცვლილებამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ახლა ამოიღოს ხმა და ასევე მინდა თხოვნით მივმართო ხელისუფლებას, უშუალოდ ბატონ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომ გამოყოს მის გადატვირთულ გრაფიკში მცირეოდენი დრო, შეხვდეს ამ ადამიანებს, მოისმინოს ჩვენი მოსაზრება, იქნებ და არსებობდეს იმის ალბათობა, რომ რაიმე ხარვეზი, რაიმე დეფექტი გაიპარა კანონპროექტში. ისინი ამბობენ, რომ იყვნენ ჩართული დარგის სპეციალისტები, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა არცერთი კომპანიის წარმომადგენელი, მე რაც ვიცი, ჩართული ამ პროცესში. გვინდა შეხვედრა, გვინდა რომ ვისაუბროთ და მოვძებნოთ ოპტიმალური გზა იმისა, რომ შევძლოთ განახლება ავტოპარკის, დავიცვათ და უზრუნველვყოთ ეკოლოგიის გაუმჯობესება და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ არ დაზარალდეს არც ქართული ეკონომიკა და არ დაზარალდეს არც ქართული მოსახლეობა", - ამბობს რეზო ტაბატაძე.

რაც შეეხება გამოსავალს, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ აქცენტი არა გადასახადების ზრდაზე, არამედ ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებაზე უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ, მისი თქმით, ბევრი ევროპული სტანდარტის ავტომობილი არასწორად მოხვდა მკაცრ შეზღუდვებში:

"და თუ იდეა არის განახლდეს ავტოპარკი, მაშინ უნდა მოხდეს განახლებული წლოვანების ავტომობილების იმპორტის წახალისება. ჩვენ დავინახეთ, რომ კანონპროექტში შედის ცვლილება და ნაცვლად იმისა, რომ 2020 წლის შემდეგ გამოშვებულ ავტომობილებზე შემცირებულიყო გადასახადი, გაიზარდა. შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ვიპოვოთ ოპტიმალური გზა, რათა წავახალისოთ ახალი ავტომობილები.

ასევე ვისაუბროთ იმაზე, თუ გარემოზე რამდენად ახდენენ ნეგატიურ ზეგავლენას მაგალითად 2018-19 წლიანი ავტომობილები, იმიტომ რომ ტექნიკურ ჭრილში რომ ავიღოთ, ძალიან ბევრ 2018, 2019 და 2020 წლიან ავტომობილს აბსოლუტურად ერთი და იგივე მონაცემები აქვთ, აბსოლუტურად ერთსა და იმავე მოცემულობას აკმაყოფილებენ და ჯდებიან Euro 5-ის სტანდარტში, რაც არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში და განვითარებულ ქვეყნებში", - ამბობს HOA Auto Import-ის დამფუძნებელი.

აქციზის ახალი განაკვეთები ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს, ამიტომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენით უკვე მიიღეს კიდეც. როგორც ცნობილია, ცვლილების შედეგად აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები