მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილები ზუსტად იმ ქვეყნებში გადის, სადაც ხდება მისი საქართველოდან ექსპორტი - ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გასაჯაროებულ თითოეულ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება ხდება, - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა ეხებოდა საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში სანქცირებული კომპანიები ოპერირებენ.

ლაშა ხუციშვილის თქმით, არ არსებობს შემთხვევა, რომელიც ყურადღების გარეშე რჩება და ამ მიმართულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო ორგანოების მხრიდან ასობით განცხადებაა გამოქვეყნებული.

„კონკრეტული შემთხვევაც გადამოწმდა და აღნიშნულ ტრანზაქციას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში ხდება საეჭვო ტრანზაქციები, თუმცა ყველაფრის დაკავშირება საქართველოსთან არ შეიძლება“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა, ავტომობილების რუსეთში რეექსპორტს ეხებოდა. მისი განმარტებით, საქართველოს პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოში ან საქართველოს გავლით.

„იმ ტრანზაქციებს, რომლებზეც იყო საუბარი, საქართველოსთან შეხება არ აქვს და საქართველოდან არცერთ სანქცირებულ ქვეყანაში არ ყოფილა გატანილი. შესაბამისად, ვერანაირ ბრალდებას ვერ მივიღებთ, რადგან ყველა ოპერაცია, რომელიც შეიძლება სანქციებთან იყოს დაკავშირებული, მკაცრი კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ექსპორტირებული პროდუქცია იმ ქვეყნებში გადის, სადაც საქართველოდან იგზავნება, ხოლო შემდგომი გადაადგილება უკვე მიმღები ქვეყნების პასუხისმგებლობაა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, სჯერა თუ არა ლაშა ხუციშვილის რომ ამ ოდენობის ავტომობილები ნამდვილად შუა აზიაში გადის, უპასუხა:

ზუსტად იმ ქვეყნებში გადის, სადაც ხდება მისი საქართველოდან ექსპორტი. იმ ქვეყნებიდან ეს ავტომობილები სად მიდის, საქართველო ვერ იქნება პასუხისმგებელი მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე გლობალური მასშტაბით. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და საქართველო თავისი ვალდებულებებს ეფექტიანად ასრულებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 111.6 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ავტოექსპორტში პირველ ადგილს კვლავ ყირგიზეთი იკავებს, სადაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, ამასთან ყირგიზეთის მიმართულებით ავტოექსპორტის ზრდა 19%-ს შეადგენს. შედეგად, ყირგიზეთმა 2025 წელს საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზრის პოზიცია დაიკავა.მეორე ადგილზე $785 მილიონით ყაზახეთია, ტაჯიკეთი მე-4 ადგილზე $162 მილიონით და უზბეკეთი $78 მილიონით მეხუთე ადგილზე.

დღეს, "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2025 წელს საქართველოს საბაჟოზე სანქციების გვერდის ავლის 2 658 შესაძლო შემთხვევა აღიკვეთა. ამის შესახებ მან საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები