გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, ავტომობილს ტექინსპექტირება გავლილი ექნება თუ არა, მუქი ფერის გამონაბოლქვის შემთხვევაში, მას სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები სპეციალური ხელსაწყოებით შეამოწმებენ.
„სამინისტრო, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს შეეხება. ეს გამოიწვევს ჩვენი სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასაც, იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა თუ მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც მსხვილ ქალაქებში სატრანსპორტო საშუალებებს დააკვირდებიან. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან მავნე გაფრქვევების მაქსიმალურად შემცირებას. ეს კანონი ტექინსპექტირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის დამატებითი კომპონენტი იქნება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ BMG-ის უთხრა, კანონპროექტი პარლამენტს სავარაუდოდ წლის ბოლოს წარედგინება.