მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - რა რაოდენობის მანქანები გავიდა ივლისში რუსეთში?

ავტოექსპორტი

ივლისში ავტოექსპორტის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა. ვიდრე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ამოქმედდებოდა, როგორც ჩანს, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა კიდეც. ივლისში, საქართველოდან რუსეთში 13.3 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია განხორციელებული, რაც წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. რუსეთში 2023 წლის 7 თვის მონაცემებით კი, 65.8 მლნ დოლარის 4 840 ავტომობილია გატანილი. 1 ავტომობილის საშუალო ფასი 13.5 ათასი დოლარია.  2022 წლის ამავე პერიოდში რუსეთში  22.29 მლნ დოლარის 1834 ავტომობილის რეექსპორტი იყო განხორციელებული.  

ავტომობილების რეექსპორტი თვეების მიხედვით რუსეთში / 2023 წელი

  • იანვარი -  7.08 მლნ დოლარი
  • თებერვალი - 6.42 მლნ დოლარი
  • მარტი  - 8.09 მლნ დოლარი
  • აპრილი - 8.94 მლნ დოლარი
  • მაისი - 10.81 მლნ დოლარი
  • ივნისი - 11.1 მლნ დოლარი
  • ივლისი - 13.34 მლნ დოლარი

რაც შეეხება ბელარუსს, ამ ქვეყანაში, რომელზეც ასევე ვრცელდება რუსეთ - უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციები, 7 თვეში მხოლოდ 2.8 მლნ დოლარის ავტომობილებია გატანილი.

აღსანიშნავია,  რომ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.  26 სექტემბრიდან კი, იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც რუსეთსა და ბელარუსში.  აკრძალვა ეხება 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის  ახალი და მეორადი ავტომობილების  გაყვანაც. ასევე სრულად აიკრძალა ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების გაყვანა.

წელს ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და 1.178  მლრდ დოლარს აღწევს. სულ საექსპორტო ბაზრებზე  60,475  ავტომობილია გატანილი. ავტოექსპორტში ზრდა 217%-ია. ავტომობილების რეექსპორტზე მოდის მთლიანი ექსპორტის 32.9%.

ავტომობილების რეექსპორტის  ტოპ -10  ბაზარი  

  • ყირგიზეთი - 299.9 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 281.05 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 259.06 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 207.67 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 65.86 მლნ  დოლარი
  • ტაჯიკეთი - 17.47 მლნ დოლარი
  • ბელგია - 12.8 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 9.15 მლნ დოლარი
  • გაერთიანებული საამიროები - 7.33 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 5  მლნ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები