ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ გასულ კვირას განიხილა, მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავა. ამის შესახებ ნადარეიშვილმა მედიას BMG-ის კითხვის საპასუხოდ უთხრა.
“მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი არის დაწერილი და მოწონებული ეკონომიკური საბჭოს მიერ. მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანთ მას და შემდეგ უკვე გადაეგზავნება პარლამენტს განხილვებისთვის.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, როგორც სადაზღვევო მიმართულებით, ასევე სოციალურად ძალიან დიდი დატვირთვა აქვს”, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
პარლამენტში ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე ჩავარდა და გადაიდო. პროექტი სადაზღვევო სექტორმა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 2018 წელს დაარეგისტრირა, თუმცა პროექტზე მუშაობა შეჩერდა და 2023 წლიდან განახლდა.
ბოლო ინფორმაციით, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი პარლამენტს გასული წლის საშემოდგომო სესიებზე უნდა განეხილა და ცვლილება ძალაში 2024 წლიდან უნდა შესულიყო, თუმცა პროექტის დასრულება ვერ მოესწრო.
ავტომფლობელთა დაზღვევის კანონის მიღება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა. მსგავსი სისტემა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის გარანტირებულ კომპენსაციას ითვალისწინებს, მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.