მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტოპარკი უფრო დაბერდება, ეკოლოგია არ გაუმჯობესდება... უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი"|არგუმენტები

ირაკლი კუხიანიძე

ავტოიმპორტიორი კომპანია Carmark-ის დირექტორ ირაკლი კუხიანიძეს მიაჩნია, რომ როგორც - 6 წელზე ძველი, ისე 6 წლამდე ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდით, ვერც ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება ქვეყანაში და ვერც ავტოპარკი განახლდება. ამასთან, Carmark-ის დირექტორს მიაჩნია, რომ დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის აქციზის მკვეთრი ზრდა საქართველოს სხვა ქალაქებს უსამართლო მდგომარეობაში აყენებს.

საქმე ის არის, რომ როგორც აქციზის გადასახადის ზრდის ინიციატორი და ავტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, სწორედ ეკოლოგიურ მდგომარეობას და დაბერებულ ავტოპარკს უკავშირდება. "ჩვენ გვინდა, ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მდგომარეობა იყოს. ქვეყანა გადაიტვირთა ისეთი მანქანებით, რომლებიც ეკოლოგიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ნელ-ნელა ხომ უნდა დავიწყოთ?! ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, რომ განვითარებულ ქვეყნებს დავემსგავსოთ - ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს პრეტენზია... მოძველებული მანქანები აბინძურებენ გარემოს და ამის გამოსწორება გვინდა და რა არის ამაში ცუდი?! მესმის, რომ ხალხს ავტომობილი სჭირდება, მაგრამ არსებობს ელექტრომანქანები, რომლებიც უფრო დაბალფასიანია და შეგვიძლია შევიძინოთ... ალტერნატივები მოიძებნება, ეს კანონი კი აუცილებელი იყო", - აცხადებს პარლამენტარი ბეჟან წაქაძე.

ავტოიმპორტიორი კომპანია Carmark-ის დირექტორი ირაკლი კუხიანიძე ერთ-ერთია ბიზნესის იმ წარმომადგენლებს შორის, რომელიც მზადაა, ხელისუფლების წევრებს შეხვდეს და აუხსნას, რატომ ვერ გადაჭრის პრობლემებს აქციზის განაკვეთის ზრდა და როგორ დააზარალებს ავტოინდუსტრიას და მომიჯნავე სექტორებს. „უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი“, - აცხადებს ის.

რატომ ვერ გააუმჯობესებს ავტომობილებზე აქციზის ზრდა ეკოლოგიას?

ირაკლი კუხიანიძის განმარტებით, მხოლოდ 6 წლამდე ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, რადგან პრობლემა კომპლექსურია და საწვავის ხარისხსა და ტექდათვალიერების სისტემას უკავშირდება.

"თუ ეკოლოგიაზე ვზრუნავთ, პირველ რიგში, უნდა იყოს საწვავის კონტროლი, რომ ხარისხიანი საწვავი გვქონდეს. მანქანა როცა გადაამუშავებს, წვა წესიერად უნდა მოხდეს, რომ ნაკლები გამონაბოლქვი გამოვიდეს. შემდეგი კი, უკვე ტექდათვალიერების სისტემაა, რომელიც ისეთივე მკაცრი რეგულაციით უნდა მუშაობდეს, როგორითაც, მაგალითად, ევროპაშია. ჩვენთანაც გვაქვს ტექდათვალიერება, მაგრამ შევადაროთ ახლა გერმანიის (TÜV) და ქართული სისტემა - რადიკალურად სხვადასხვაა. თუ ევრო სტანდარტს, „ევრო-6“-ს მივუდგებით, იქ ასაკობრივი შეზღუდვა არანაირად არ არის, იმიტომ რომ 2015 წლიდან 2025 წლამდე ყველაფერი „ევრო-6“-ია. ასე რომ, თუ ვიძახით, რომ ეკოლოგია უნდა გამოვასწოროთ, მაშინ მთავარი საწვავი და ტექდათვალიერებაა", - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.

ამასთანავე, Carmark-ის დირექტორი სვამს კითხვას - თუ მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა და ამიტომ იზრდება 6-ჯერ აქციზის განაკვეთი, რატომ აძვირებენ 6 წლამდე ავტომობილების განბაჟებას.

"ეს საკითხი სიურპრიზი იყო... საერთოდ არ ველოდებოდით. არ ვიცი, რა ლოგიკა არის ამაში - თუ გინდა, რომ ავტოპარკი განაახლო, უნდა წაახალისო ახალი ავტომობილების შეყვანა და არა - აქციზი გაზარდო“, - აღნიშნა ავტოიმპორტიორმა.

რატომ ვერ დაეხმარება აქციზის ზრდა ავტოპარკის განახლებას?

ირაკლი კუხიანიძის თქმით, ხელისუფლების ლოგიკა, თითქოს აქციზის ზრდა ახალი მანქანების ყიდვას წაახალისებს, მცდარია, რადგან მოსახლეობას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

"არ აქვს მოსახლეობას საშუალება... ყველას უნდა ახალი ავტომობილი, გემოვნებაც ყველას აქვს და ყველამ იცის, რა მანქანა უნდა, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს, იმას ყიდულობს... ახალი რეგულაცია არსებულ ავტოპარკს უფრო მეტად დააბერებს, რაც გარემოსთვის საზიანოა. მე ხომ მაქვს უშუალოდ შეხება და როგორ ყიდულობენ და რა ფასად, ვიცი. რასაც ყიდულობენ, იმაზეც კი წვალობენ და ახალი მანქანები საერთოდ არ გაიყიდება... ბაზარზე შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ ჩემი კომპანიის გაყიდვების სტატისტიკას კიდევ ერთხელ გადავხედე: აღმოჩნდა, რომ რეალიზებული ავტომობილების 65% ზუსტად იმ წლოვანებისაა, რომლებზეც აქციზის განაკვეთი იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დარტყმა ბიზნესის ყველაზე მოთხოვნად სეგმენტზე მოდის“, - განაცხადა მან.

ავტოიმპორტიორმა არაერთხელ აღნიშნა „წერტილთან“ ინტერვიუში, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გაძვირებულ ავტომობილებს ვერ შეიძენს.

რატომაა არასამართლიანი აქციზის ზრდა თბილისის განტვირთვისთვის?

ირაკლი კუხიანიძე მიიჩნევს, რომ საცობების პრობლემა მხოლოდ თბილისსა და ბათუმს აწუხებს, თუმცა ვინაიდან კანონი მთელ საქართველოზე ვრცელდება, ეს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უსამართლო მდგომარეობაში აყენებს.

„თუ მიზანი მოძრაობის განტვირთვაა, უნდა გვახსოვდეს, რომ გადატვირთული მოძრაობა მხოლოდ თბილისსა და ბათუმს აწუხებს. გაუგებარია, რა დააშავეს თელავის, ქუთაისისა თუ ზუგდიდის მცხოვრებლებმა - იქ საცობები არ არის. თუ მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვზრუნავთ, მაშინ რეგულაციებიც ლოკალური უნდა იყოს. სტატისტიკა და სოციალური ფონი აჩვენებს, რომ რეგიონებში ავტოპარკი უფრო ძველია და ეს გადაწყვეტილება მათ ბევრად უფრო მტკივნეულად დაარტყამს, ვიდრე დედაქალაქს“, - განმარტავს ირაკლი კუხიანიძე.

"რეგიონებში უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი"

ავტოიმპორტიორი კომპანია Carmark-ის დირექტორის პროგნოზით, ავტოინდუსტრიის ბაზარი დიდია, მაგრამ მარჟები მინიმალურია, ამიტომ გაზრდილი აქციზი და მყიდველების შემცირება, მცირე კომპანიებსა და ინდივიდუალურ დილერებს ბაზრიდან გააქრობს.

„ჩვენთან, ამ ბიზნესში არის ძალიან პატარა მოგება... თუ არ გაქვს საკმარისი ბრუნვა თავს ვერ შეინახავ; ბევრი პატარა კომპანია, რომელიც ძლივს ინახავდა თავს, გაჩერდება და ბაზრიდან გასვლა მოუწევს.... რეგიონებში უამრავი ადამიანი დარჩება უმუშევარი.

მაგალითად, კახეთში, როდესაც ვენახის პერიოდია, უვლიან ვენახს, აიღებენ მოსავალს, გაყიდიან და იმ შუალედში, როცა ეს ფული თავისუფალი აქვთ, კახელი დილერები ყიდულობენ ავტომობილებს, რომ ზამთრის პერიოდში ეს ფული დაატრიალონ და ორი კაპიკი დარჩეთ, დამატებითი შემოსავალი მიიღონ. აწი რა ქნან?! ის, რომ რეექსპორტს არ ეხება აქზიზის ზრდა, პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან სხვა რისკები იჩენს თავს - მოგეხსენებათ, ყაზახი და ყირგიზი დილერები არიან შემოსულები. ისინი როცა დაინახავენ, რომ მანქანა უკვე ტერმინალზეა შეყვანილი და საქართველოში მისი განბაჟება აზრს კარგავს, დაუწყებენ ვაჭრობას და იაფად გააყიდინებენ. ერთი და ორი რომ ჩამოიყვანს ასეთ მანქანას და ნახავს, რომ იზარალა, იგივე აღარავის მოუნდება. ასე რომ, ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული დილერი დარჩება უმუშევარი და ბევრი კომპანიაც დაიხურება“, - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები