საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ მთავრობის ინიციატივას 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ მხარს უჭერენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ პროცესის ეფექტურობისთვის აუცილებელია ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. პარტიის წინადადებით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომელიც მოქალაქეებზე შეღავათიან სესხებს გასცემს.
„ევროპელი სოციალისტების“ განცხადებით, სახელმწიფო ბანკის შექმნა პირდაპირ კავშირშია ავტოპარკის განახლების ინიციატივასთან, რადგან მოქალაქეებს ესაჭიროებათ ფინანსური რესურსი უფრო ახალი და ტექნიკურად გამართული ტრანსპორტის შესაძენად.
"ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები„ მნიშვნელოვანი ინიციატივა სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ინიციატივის ეფექტურად განხორციელებისთვის. სახელმწიფო ბანკის შექმნის შემთხვევაში, ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაბალ პროცენტიანი სესხით შეიძინონ ტექნიკურად გამართული, ევროპული სტანდარტის ავტომობილი", - წერია განცხადებაში.
საქმე ის არის, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის დაფუძნების წინადადებით 3 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოვიდნენ.
ჯგუფის ლიდერის, ილია ინჯიას განცხადებით, სახელმწიფო ბანკის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებასა და სოციალური მიმართულებით რეგულაციების გამარტივებას ემსახურება. დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პროდუქტებზე ფასების დარეგულირებასთან, რისთვისაც პარლამენტში კომისიაა შექმნილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილებას სექტორი აპროტესტებს. საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების გროვდება.




























