პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ მთავრობის ინიციატივას ეთანხმება, რომელიც საქართველოში 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას ითვალისწინებს. პარტიის განცხადებით, გარემოზე ზრუნვა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა.
ჯგუფის განცხადებით, საკითხი არ არის არჩევანი, არამედ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება.
გარდა იმპორტის შეზღუდვისა, პოლიტიკური ჯგუფი აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროცესის კიდევ უფრო გამკაცრებას.
"მხარს ვუჭერთ მთავრობის ინიციატივას - საქართველოში 6 წელზე მეტი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ, რადგან გარემოზე ზრუნვა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა არ არის არჩევანი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება საზოგადოების წინაშე. მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ონკოლოგიური და სხვა მძიმე დაავადებების შემთხვევები და რაც ყველაზე მტკივნეულია, ეს ტენდენცია განსაკუთრებით მწვავედ აისახება ბავშვებში. ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
6 წელზე ნაკლები ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვა არის აუცილებელი ნაბიჯი სუფთა და უსაფრთხო გარემოსთვის. ევროპული ქვეყნები თავად ზღუდავენ მოძველებული, მაღალი ემისიის მქონე მანქანების გადაადგილებას, რათა დაიცვან საკუთარი მოსახლეობა დაბინძურებისგან. სამწუხაროდ, ის ავტომობილები, რომლებიც აღარ აკმაყოფილებენ ევროპულ მოთხოვნებს, ხშირად ხვდებიან საქართველოში. შედეგად, ჩვენ ვიღებთ იმ პრობლემას, რომელსაც სხვები მიზანმიმართულად არიდებენ თავს.
თუ ჩვენი ქვეყნის მიზანია ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, მაშინ აუცილებელია მათი ეკოლოგიური და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება და დანერგვა ჩვენს სახელმწიფოში. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები ემისიის ნორმები ემსახურება გარემოს დაცვასა და ადამიანის ჯანმრთელობას.
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დაბინძურების იმპორტი და გავაგრძელოთ კიდევ მეტად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის გატარება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირდაპირ კავშირშია ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალთან.
ასევე, მნიშვნელოვანია, კიდევ მეტად გამკაცრდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რადგან ეს არის კომპლექსური საკითხი. ტექდათვალიერების გამკაცრება უნდა იყოს ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი", - აცხადებენ "ევროპელი სოციალისტები".
ინიციატივის ეფექტურად განხორციელებისთვის „ევროპელი სოციალისტები“ გამოდიან წინადადებით, რომ შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. მათი თქმით, ეს მოსახლეობას ახალი რეგულაციების ფონზე ფინანსურ წნეხს შეუმსუბუქებს.
პარტიის განმარტებით, სახელმწიფო ბანკის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეები შეძლებენ დაბალპროცენტიანი სესხით შეიძინონ ტექნიკურად გამართული, ევროპული სტანდარტის ავტომობილები, რაც ეკოლოგიურ მიზნებთან ერთად სოციალურ ინტერესებსაც მოემსახურება.
"ამასთან, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები" მნიშვნელოვანი ინიციატივა სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ინიციატივის ეფექტურად განხორციელებისთვის. სახელმწიფო ბანკის შექმნის შემთხვევაში, ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაბალ პროცენტიანი სესხით შეიძინონ ტექნიკურად გამართული, ევროპული სტანდარტის ავტომობილი", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. კერძოდ, 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. უწყების გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. გადაწყვეტილებას სექტორი აპროტესტებს. საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების გროვდება.




























