მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, უნივერსიტეტებს ფუნქციონირება არ შეუწყდებათ - კანონპროექტი

ქვეყნები

განათლების სამინისტრომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მოამზადა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, სანამ შესაბამისი საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდეთ ფუნქციონირება.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ უწყვეტი ფუნქციონირება მაშინ, როდესაც მათი ავტორიზაციის ან აკრედიტაციის ვადა იწურება, ხოლო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება ავტორიზაციის/აკრედიტაციის თაობაზე ჯერ არ არის მიღებული.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს, დაკავშირებულია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ვადების დაუცველობით წარმოშობილ სირთულეებთან.

"მოქმედი კანონმდებლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 180 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდება სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, რა დროსაც შესაძლებელია, რომ ამოიწუროს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა, რაც რთულ მდგომარეობაში აყენებს დაწესებულებას და საფრთხე უქმნის მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესებს",- წერია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები