მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსაგზაო შემთხვევის მხარეებს ავტომობილების სავალი ნაწილიდან გადაყენების უფლება ექნებათ - მერია

დაზღვევა

ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მხარეებს საშუალება ექნებათ, შემთხვევის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვების შემდეგ, ავტომობილები გზის სავალი ნაწილიდან სადაზღვევო სარგებლის დაკარგვის გარეშე გადააყენონ - ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

“ყველამ ვნახეთ, რამხელა გავლენა აქვს პიკის საათებში ავტოსაგზაო შემთხვევებს, უმნიშვნელოსაც კი, რადგან აქ არსებობს გარკვეული რეგლამენტი, რაც ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლას, რათა მოხდეს ფაქტების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ნაკლებად უკავშირდება სადაზღვევო კომპანიებს და არის სამართალწარმოების საკითხი.

ამ თემაზე გვქონდა საუბარი შსს-სა და საპატრულო პოლიციასთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მხარეები იქნებიან თანახმა, მოხდეს ფოტო-ვიდეო გადაღება. იმ შემთხვევაში, თუ შეჯახების შედეგად არ დაზიანებულა ადამიანი, საპატრულო პოლიციის ოპერატორი აკეთებს შეთავაზებას, რომ თუ სურვილი აქვთ, გადაიღონ ფოტო-ვიდეო მასალა და სატრანსპორტო საშუალებები გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანონ”, - ამბობს ირაკლი ხმალაძე.

მერის მოადგილის თქმით, აღნიშნული მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ამაზე ორივე მხარე თანახმაა.

ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება საპატრულო პოლიციის კანონმდებლობით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებშია შემუშავებული და სატესტო რეჟიმში მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ გაამართლებს, მერია საკანონმდებლო ინიციატივას შეიმუშავებს.

13 დეკემბერს დედაქალაქში ქუჩების დიდი ნაწილი პარალიზებული იყო. მერის განმარტებით, ამის მიზეზი თბილისში ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობის გარდა, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში მომხდარი 54 ავტოსაგზაო შემთხვევაც იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები