მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება - BAG

617ba394f2fb4
ინგა მურუსიძე
29.10.21 11:45
632
ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ბიზნეს ასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად.

ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნა გამომდინარეობს ევროკავშირის კანონდებლობასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნიდან, ამიტომაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საჭიროებს შესაბამის რეგულაციებს, თუმცა ახალი მარეგულირებელი ნორმების დადგენამდე საკითხის მნიშვნელობა და სპეციფიკა მოითხოვს სახელმწიფოსა და ბიზნეს სუბიექტების აქტიურ კომუნიკაციას სასურველი შედეგის მისაღწევად.

BAG-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობას, რადგანაც საავტომობილო ტრანსპორტზე რეგულაციების შემოღებას აზრი არ ექნება მანამ, სანამ საავტომობილო საწვავი არ იქნება შესაბამისი სტანდარტით წარმოდგენილი.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეფექტიანად თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც ასოციაციის უმთავრესი პრიორიტეტია გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის ეკოლოგიური გარემოს უსაფრთხოების მნიშვნელობიდან. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაციის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენას. აღნიშნული უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობას მომავალში, ასევე დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები