მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდული ბანაკების რემონტში 1.7 მლნ ლარი დაიხარჯება

62711ca454326
ანუკა ჯოხაძე
04.05.22 09:00
1371
მთავრობა სახელმწიფო ბანაკების რემონტს იწყებს - ბიუჯეტი 1.7 მლნ ლარია. სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტომ" ორი სახელმწიფო ბანაკის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა - საუბარია ანაკლიასა და რაჭაში, შაორის წყალსაცვის მიმდებარედ, არსებულ საბანაკე ინფრასტრუქტურაზე.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ანაკლიის ბანაკის რეაბილიტაცია 1 159 471 ლარი ჯდება. ტენდერში გამარჯვებული შპს "მოდერნ ბილდინგ კომპანია". კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

რაც შეეხება, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ ბანაკს - ამ შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ღირებულება 561 040 ლარია. შაორის ბანაკის სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიაც ცნობილია და ის შპს “სპექტრია”. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 70 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, "მომავლის ბანაკების" პროგრამა უკვე წლებია სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება. ბანაკების ორგანიზება 2016 წლიდან განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" ებარა, ხოლო 2019 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით, აღნიშნული უწყების სამართალმემკვიდრე "ახალგაზრდობის სააგენტო" გახდა. მომავლის ბანაკები საქართველოს მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ფუნქციონირებდა. 

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ბანაკების ფუნქციონირება შეჩერდა. ახალგაზრდობის სააგენტოში ამბობდნენ, რომ მათ ბანაკების პროგრამის განხორციელების სხვა გეგმები ჰქონდათ, რაც მომავლის ბანაკის ჩანაცვლებას გულისხმობდა. მიუხედავად ამ პოზიციისა, გასული წლის ზაფხულში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ქვეყნის მასშტაბით 4 ახალი ბანაკის მოწყობა იგეგმებოდა. წულუკიანი აცხადებდა, რომ გეგმაში იყო არსებული ბანაკების რეაბილიტაციაც, უფრო კონკრეტულად საუბარი სწორედ შაორისა და ანაკლიის ბანაკებს ეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები