მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისების სისტემა შესაძლოა გაფართოვდეს

63e63a2eefb9f
ელენე გოგბერაშვილი
10.02.23 17:44
8375
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციები გამკაცრდება. პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების“ პროექტი, რომლის მიხედვითაც, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც ახლა მოქმედებს, უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე დაწესებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ავტომობილების ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის შესახებ კანონპროექტია. დოკუმენტის თანახმად, შეირჩევა კონკრეტული ქალაქები, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ავტომობილებს გამონაბოლქვზე შეამოწმებენ.

აღნიშნული კანონპროექტების ამოქმედების შემდეგ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯომარე დღეს არსებული სიტუაციის ბევრად გაუმჯობესებას ელის. როგორც მაია ბითაძე ამბობს, გამოწვევად კვლავ რჩება მეორადი ავტომობილების და კატალიზატორების საკითხი.

„ბაზრის კონტროლი კატალიზატორთან მიმართებით დამატებით მსჯელობას საჭიროებს, წამახალისებელი მექანიზმები კი შეიძლება ახალ ავტომობილებზე გავრცელდეს.

ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქში ელექტრომობილებისთვის გარკვეული საშეღავათო სისტემა არსებობს. მათთვის დამტენების სისტემა ეტაპობრივად ეწყობა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში მათთვის ლიცენზია უფასო იყო, ნახევარი ფასი და უფასო იყო ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებისთვის. ამგვარი წამახალისებელი სისტემა შეიძლება გაფართოვდეს. ასევე შეიძლება წახალისდეს განბაჟების საკითხები უფრო მეტად, ვიდრე არის დღეს.

მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ჰაერი დავიცვათ დაბინძურებისგან. ჩვენ უნდა გადავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ნაკლებმა ავტომობილმა იმოძრაოს და შექმნას საცობი“,-აცხადებს მაია ბითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები