მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კანონი - რა შეიცვლება სტუდენტებისთვის დასაქმების მიმართულებით?

5e4bea4d55e14
ინგა მურუსიძე
18.02.20 18:50
1479
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც შექმნის სტუდენტობის პერიოდში სოციალური უფლებების და ბენეფიტების, სტაჟირების და დასაქმების ახალ მექანიზმებს და ახალ შესაძლებლობებს" - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რას ითვალისწინებს ახალი კანონმდებლობა და როდიდან ამოქმედდება ცვლილებები.

თსუ-ს რექტორის, გია შარვაშიძის განცხადებით, ახალი კანონი სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან შევა ძალაში, ხოლო მის განხილვებში სტუდენტები და დამსაქმებლები იქნებიან ჩართული.

„კონკრეტულად ერთი საკითხი არის, რომელიც უკავშირდება სტუდენტებისთვის დასაქმების უფლებას. ძალიან ბევრი სტუდენტი მუშაობს და მათ ექმნებათ პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ დამსაქმებელი მათ სტუდენტურ სტატუსს არ ითვალისწინებს. თუმცაღა, ეს არის განმტკიცებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.

ჩვენ გვინდა, რომ დამსაქმებელმა იცოდეს, რომ სტუდენტს უნდა გაუწიოს ანგარიში, რომ მას ხანდახან პატარა შეღავათები შეიძლება დასჭირდეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ შეიძლება გამოცდებზე დასწრებისთვის სამსახურიდან გაშვება დასჭირდეს. დღეს ამ საკითხის რეალური პრობლემა დგას და ძალიან ხშირად ხდება, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გვიწევს გამოცდების დანიშვნა. ძალიან ხშირად სტუდენტები ვერ ახერხებენ გამოცდებზე გამოცხადებას, შემდეგ ისინი ჩამორჩებიან სწავლას, მერე იწყება გაუთავებელი გადაბარებები და ჩამორჩენა სწავლაში“, -განაცხადა შარვაშიძემ.

მისივე თქმით, მეორე საკითხი, რასაც კანონი ერთიან სივრცეში მოაქცევს, პრაქტიკების გავლა იქნება.

„მეორე საკითხი, რომლის დარეგულირებაც კანონით გვინდა, არის პრაქტიკების გავლის საკითხი. რომელიც მოიცავს იმას, რომ მოხდეს პრაქტიკების გატარება სახელმწიფო უწყებებში, შესაძლოა კრედიტების რაოდენობა დაედოს საფუძვლად პრაქტიკის გავლას და ა.შ.

საკანონმდებლო წინადადება უკვე წარდგენილია განათლების კომიტეტში. ის შეიკრიბება ახლო მომავალში და დაიწყება მსჯელობა. ეს არის ძალიან სწრაფად გასაკეთებელი და ვფიქრობ, ამ სემესტრში ცვლილებებზე მუშაობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა შარვაშიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები არაერთ კომპანიასთან და სახელმწიფო უწყებასთან, სტუდენტებისთვის პრაქტიკების გავლასთან დაკავშირებით.

„სტუდენტები პრაქტიკებს ახლაც გადიან, თუმცა ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს ერთიანი საკანონმდებლო სივრცე. მგონია, რომ ახალი კანონი ახალი სასწავლო წლიდან შევიდეს ძალაში“, - ამბობს შარვაშიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები