მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მედიკამენტების რეგისტრირებას 7 დღე სჭირდებოდა, ახლა ჯანდაცვა მას 30 დღემდე ზრდის

5ee25af8f3248
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.20 20:20
1259
საქართველოში ახალი მედიკამენტების ხარისხის აღიარების პროცესს დღეს 7 დღე ესაჭიროება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მედიკამენტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, ახალი წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. ამას გარდა, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში სხვა ცვლილებებსაც მოიცავს.

მედიკამენტების  შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ბიზნესი აკრიტიკებს. საქართველოს ბიზნესასოციაციის შეფასებით, ამ ცვლილებებით “შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.”

დაგეგმილ რეგულაციებთან და ახალი წამლების რეგისტრაციის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით, BMG-ის კითხვებს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ უპასუხა. მისი თქმით, 7-დღიანი ვადის 30 დღემდე გაზრდა აუცილებელია, რათა სამინისტრომ ახალი მედიკამენტის რეგისტრაციის განაცხადი უფრო დეტალურად შეისწავლოს.

“მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ გვაქვს წამლის რეგისტრაციის ორი რეჟიმი, ეს არის აღიარებითი რეჟიმი და ეროვნული რეჟიმი. აქ ცვლილება შედის აღიარებითი რეჟიმში. აღიარების რეჟიმი გულისხმობს ევროპული ქვეყნების მიერ რეგისტრირებული წამლების ქართულ ბაზარზე დაშვებას. ეს მედიკამენტები ჩვენთან აღიარებითი წესით დაახლოებით 7 დღის განმავლობაში რეგისტრირდება. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტო ასეთი განაცხადის დოკუმენტებს საკმაოდ დეტალურად სწავლობს და ეს საკმაოდ დიდი მასალა არის, უბრალოდ წამლის შესახებ კანონში შედის ცვლილება და ეს ვადები იზრდება და ხდება 30 დღე, რათა უფრო სრულყოფილად მოხდეს შესწავლა.

სხვა ქვეყნებში უშუალოდ აღიარების წესის მსგავსი რეჟიმი 50-60 დღის განმავლობაში გრძელდება.

დღეს არსებული სტანდარტი არ მოიცავს ლაბორატორიულ კონტროლს, ანუ წამლის ლაბორატორიული შემოწმება არ ხდება რამდენად შეესაბამება ამ მოთხოვნებს და ხდება მხოლოდ დოკუმენტური შესწავლა. ხშირად არის ხოლმე ისეთი სიტუაცია, როდესაც აღიარებითი რეჟიმის დროს უნდა მივმართოთ იმ ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოს დედანის მიღების შესახებ და ის ფოსტით უნდა გადმოიგზავნოს,”- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

კიდევ ერთი ცვლილება რომელიც მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით არის დაგეგმილი, პრობლემურ შემთხვევებთან მიმართებით, კლინიკების რეგულირების წესს ეხება. საუბარია მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე რეგულირების სააგენტოს მიერ კლინიკების შემოწმებაზე, რომლის შესახებაც კანონის ჩანაწერი იცვლება და მის შედეგად, სააგენტოს უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად ფართოვდება. ზაალ კაპანაძის თქმით, წარდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან რეგულირების არსებული წესები ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ კლინიკებმა პრობლემური საქმის შესახებ დოკუმენტაციაში თვითნებურად არ შეიტანოს შესწორებები. 

“ჩვენ მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ვახოცრციელებთ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული სამედიცინო სერვისის ხარისხის კონტროლს. ის მოქალაქე, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, ხარისხთან დაკავშირებით, რომ მას არასათანადო ხარისხით გაეწია მომსახურება სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ ვალდებულები ვიყავით ამ შემთხვევაში, დოკუმენტების ამოღებისთვის მიგვემართა სასამართლოსთვის. სამართლო კი მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში სტაციონალურ სექტორს რთავდა მხარედ და მას უგზავნიდა შეტყობინებას. 

ჩვენ საგამოძიებო ორგანო არ ვართ და გამოძიებას არ ვაწარმოებთ, ჩვენ ვსწავლობთ დოკუმენტაციას მოქალაქის მიმართ განხორციელებული მომსახურების შესახებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაწესებულებების მიერ დოკუმენტების გადაკეთება ხდებოდა.

მოქალაქე როდესაც მოგვმართავს, ჩვენ შეგვეძლება ბრძანების საფუძველზე შევიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შევისწავლოთ. ვნახოთ რეალურად რა ტიპის მომსახურება იყო ნაწარმოები. აქამდე დაწესებულებაში შესვლის და დოკუმენტების გაცნობის შესაძლებლობა სამსახურს ჰქონდა, თუმცა ეს გაწელილი პროცესი იყო. ხდებოდა სასამართლოზე შუამდგომლობით მიმართვა. სასამართლო მხარედ რთავდა მეორე მხარეს, ანუ ჰოსპიტალურ სექტორს, სადაც ამ სერვისის მიწოდება ხდებოდა, შესაბამისად მათ იცოდნენ თუ რა საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა შესწავლა. ჩვენ კლინიკურ ნაწილს ვსწავლობთ და გამოძიებას არ ვაკეთებთ. იყო ფაქტები დოკუმენტების გადაკეთების, შეცვლის ბევრი შემთხვევა, რითიც ის ძირითადი არსი დაკარგულა, რომლითაც მხარესთან დაკავშირებით შეგვეძლო მოქალაქის მიმართ განხორციელებული მომსახურების შესწავლა,”- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები