მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინ ვიტრო სხვაა და სუროგაცია სხვა, საკითხი ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული“ - არჩილ ხომასურიძე

648c85daf1c33
ელენე გოგბერაშვილი
17.06.23 00:30
672
რეპროდუქტოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის დამფუძნებელი საქართველოში არჩილ ხომასურიძე რეპროდუქციული სერვისების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვის ინიციატივას აფასებს. როგორც აკადემიკოსმა, რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა, ინ ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის სერვისების ერთი რეგულირების ქვეშ მოქცევას არ ემხრობა.

როგორც ინტერვიუში ხომასურიძე ამბობს, თავდაპირველად მონაწილეობდა ცვლილებების განხილვის პროცესში, თუმცა როცა კანონპროექტმა სრულყოფილი სახე მიიღო, ჯანდაცვის სამინისტრომ ის შემაჯამებელ შეხვედრაზე არ დაპატიჟა, თუმცა შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თხოვნით მოამზადა კანონპროექტის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მისი ხელმოწერით უკვე გაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში.

„ინ ვიტრო სხვაა და სუროგაცია სხვა არის. საკითხი ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. ინ ვიტრო განაყოფიერება რელიგიურად სუფთაა, ეს არის კეთილშობილური საქმე რელიგიურად. სუროგაციის ელემენტები საჩოთიროა, სადაც რელიგიას საფუძველი აქვს არ აღიაროს.

დასაწყისში განხილვებში მივიღე მონაწილეობა, ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი, კრიტიკული, მაგრამ ბოლო შეხვედრაზე, როდესაც კანონპროექტმა ოფიციალური სახე მიიღო, მე არ ვიყავი მიწვეული. არ მწყინს, მაგრამ დამოკიდებულება არ არის სამართლიანი, რადგან ამ მეთოდის 81 წლის დამაარსებელს  და ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც არის ავტორი სამინისტროს ყველანაირი იურიდიული თუ არაიურიდიული დოკუმენტების, არ ეკითხებიან... არ მწყინს, მაგრამ დიდი კითხვის ნიშანია.

სხვა საკითხზე შევხვდი თამარ გაბუნიას და მან მე მთხოვა კომენტარი გამეკეთებინა კანონპროექტზე. მე მოვამზადე ბოლო პროექტის შეფასება, რომელიც არის აბსოლუტურად კრიტიკული. მე ხელი მოვაწერე და გავუგზავნე სამინისტროს და ვთქვი, რომ ეს ჩემთვის არის მიუღებელი როგორც ექიმისთვის და ამ საქმესთან ხელშეხებული ადამიანისთვის.

ძირითადი მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: რაც არ უნდა იყოს სხვადასხვა სფეროა [ინ ვიტრი & სუროგაცია], ინ ვიტრო თავის საქმეს აკეთებს 30 წელია და უნდა იყოს ხელუხლებელი. სუროგაცია, კი ბატონო მოვაგვაროთ.

ლოზუნგი არის ისეთივე, რაც იყო დაარსების მომენტიდან - სუროგაციის უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ალტრუისტული. მერე რომ ჩაყვებით და ჩახვალთ ბოლომდე, დაინახავთ ვებერთელა ხვრელს. ალტრუიზმი და ნებაყოფლობითობა პროცედურისა გახდა მერკანტილური. ასეა შედგენილი დოკუმენტი, ამიტომ შევაფასე უარყოფითად.

ჩემი რჩევაა არ იყოს აქცენტი რეპროდუქციული სერვისების აკრძალვაზე. აკრძალვას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, უნდა ჰქონდეს შეზღუდვას ადგილი. კერძოდ, უნდა იყოს ფასების კონტროლი, ვის რა უფლება აქვს უნდა იყოს ამის კონტროლი, უნდა იყოს რეესტრი, უნდა იყოს კანონი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ამისთვის საჭიროა ეტაპობრივი მუშაობა და არავითარ შემთხვევაში უცებ ტაკება და დაწყება ახალი ერის... უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია საკითხის გადასაწყვეტად“,-აცხადებს არჩილ ხომასურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები