მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა საკითხი, რომელიც გაჟღერდა, უკვე რეგულირდება" - რეპროდუქციული ცენტრის დირექტორი სუროგაციაზე

648973911f947
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 12:31
1207
გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მიერ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციის და ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ გაკეთებულ განცხადებას დისკრიმინაციად აფასებს. გადაცემა „საქმიან დილაში“ ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დარგი დღემდე რეგულირდებოდა და მისი წარმომადგენლები მკაცრად გაწერილი წესებითა და კანონებით ოპერირებენ.

ნინო მუსერიძე იმასაც ამბობს, რომ სექტორი და სახელმწიფო მუშაობდნენ ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიმართულებით და არა აკრძალვების კუთხით.

„ყველა კომენტარი, რომელიც გაჟღერდა, ქვეყანაში ძალიან კარგად რეგულირდება. საქართველო იმიტომ არის ჰაბი, რომ იუსტიციის სახლი აბსოლუტურად არეგულირების თუ ვინ უნდა გაიყვანონ საზღვრებს გარეთ, ვის აძლევენ დაბადების მოწმობას. ქალბატონი თეა წულუკიანის დახმარებით ყველა ზომა კიდევ უფრო გამკაცრდა და დღევანდელ დღეს, რეპროდუქციულ მედიცინაში საქართველო რომ ჰაბია, სწორედ იმიტომაა, რომ ყველა კანონმდებლობა გაწერილია და დაცულია - მშობლების გენეტიკური მასალა და ბავშვი დაბადების მოწმობას ვერ აიღებს და საზღვრებს გარეთ ვერ გაიყვანს, თუ გენეტიკური შვილი არ არის.

შესაბამისად, ძალიან გამიკვირდა ეს განცხადებები, რადგან ჩვენ ყოველთვის ამაყები ვიყავით, რომ ასეთი რეგულაციები გვქონდა. ექიმები და ჯანდაცვა ვმუშაობდით იმაზე, რომ ევროკავშირის მითითება ყოფილიყო გათვალისწინებული და რეგულაცია მომხდარიყო - სახელმწიფო ჩართულიყო რათა რეესტრი გაკეთებულიყო და მიკვლევადობა ყოფილიყო სრულყოფილი. ამ პროცესში ჩართული იყო, როგორც ჩვენი ასოციაცია, ასევე ყველა ადამიანი, ვინც კი ამ სფეროს ემსახურება. გვინდა, რომ სერვისი ხარისხიანად მივაწოდოთ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს“, - განაცხადა ნინო მუსერიძემ.

GGRC-ის დამფუძნებელი მსოფლიოში უშვილო წყვილების სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობის მიერ სუროგაცია-ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართ ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულ კანონებს ეწინააღმდეგება და მისთვის გასაკვირი იყო.

„დღეს იმაზე საუბარი, რომ ჩვენ სერვისი საქართველოს მოქალაქეს მივაწოდოთ და უცხო ქვეყნის მოქალაქეს - არა, მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის, დისკრიმინაციულ კანონებს ეწინააღმდეგება. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ. დღეს მსოფლიოში 186 მლნ უშვილო წყვილია დაფიქსირებული, რომელსაც მხოლოდ სუროგაციის საშუალებით შეუძლია შვილის ყოლა - მათ ვისაც არ აქვთ საშვილოსნო, ონკოლოგიური დაავადება აქვთ, მძიმე დიაბეტი აქვთ. ჩვენ ჰუმანური პროფესია გვაქვს და ექიმები ვართ, ჩვენ უნდა ვუთხრათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მხოლოდ იმ ნიშნით ვერ მივაწვდით სერვისს, რომ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა...

ძალიან გასაკვირი იყო. ასოციაცია აბსოლუტურად ემხრობა ყველა რეგულაციას, რომელსაც ევროკავშირი, ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს. ქალბატონმა თეა წულუკიანმა თავისი ბრძანებით ყველა რეგულაცია თავის ჩარჩოში ჩასვა, ჩვენ გვაქვს ნუსხა და არც ერთი ერთნაირსქესიანი ქორწინების წარმომადგენელი საქართველოში არ შემოვა, რადგან ეს ქვეყანაში იმ დღიდანაა აკრძალული, როდესაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების კეთებაზე საუბარი დაიწყო და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, როგორც სფერო განვითარდა.

ეს არამხოლოდ სამედიცინო, არამედ ეკონომიკის პრობლემაა, რადგან ეს დღეს პაციენტების 55%-ზე ვსაუბრობთ, რომელიც უცხო ქვეყნიდან შემოდიან“, - განაცხადა ნინო მუსერიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის რეგულირების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით კი ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სუროგაციასთან ერთად დარეგულირდება ინვიტრო განაყოფიერების სერვისიც და ის ფაქტორები განმარტა, რატომაც მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები