მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ონლაინ შოპინგ-მოლი – რას სთავაზობს მომხმარებელს Shopshop.ge

5f69ef3391cf4
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.20 22:16
3755
Shopshop-ი საქართველოში პირველი ონლაინ შოპინგ მოლია, რომელიც მომხმარებლის ყველა საყვარელ მაღაზიასა და ბრენდს ერთ სივრცეში გააერთიანებს - ასე აღწერს სულ რამდენიმე კვირის წინ ამოქმედებულ ვებგვერდს, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ახვლედიანი.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას Shopshop.ge-ის თანადამფუძნებელი ამბობს, ვებგვერდის ამოქმედებისთვის იდეის ავტორებს საკუთარი გამოცდილება და დაახლოებით 30 000 ლარი დასჭირდათ, რაც საბოლოო თანხას არ წამოადგენს, რადგან ონლაინ პლატფორმა მუდმივი განვითარების რეჟიმში არის.

შოპინგ მოლში მომხმარებელი Hummel-ის, DIESEL-ის, The North Face-ის, Timberland-ის, Evita Peroni-ს, Kash Kash-ის Rosebud-ის, Gepherrini-ს და სხვა ბრენდების თუ დამწყები კომპანიების პროდუქციის შეძენას შეძლებს, რომელსაც SHOPSHOP-ი 1 დღეში სახლში მიუტანს.

„ჩვენი კონცეფცია უნიკალურია, რადგან shopshop-ი ყველა დაინტერესებულ მაღაზიას, ბრენდს შესაძლებლობას აძლევს თავისი სახელით და ბრენდით წარსდგეს მომხმარებლის წინაშე, რაც შეუნარჩუნებს მაღაზიას/ბრენდს მომხმარებლის ლოიალობას და ნდობას მათი პროდუქციის ხარისხთან. მიზნად დავისახეთ, რომ გარდავქმნათ და ახალ ნიშნულზე ავიყვანოთ ონლაინ შოპინგის გამოცდილების ხარისხი საქართველოში, რაც სამწუხაროდ ჯერ ვერავინ მოახერხა.

დღეისთვის Shopshop-ზე მხოლოდ 11 მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორის არის როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული წარმოების ბრენდები. ამასთან, ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ძალიან მალე ბევრი სხვა ცნობილი მაღაზია დაგვემატება.
shopshop-ის მთავარი კონცეფცია არის მაღაზია მაღაზიაში“, - ამბობს ლევან ახვლედიანი.

კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეს იდეის ავტორებმა ამ კონცეფციის მოლის ამოქმედება, თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ვებგვერდის შექმნა საკუთარმა გამოცდილებამ უბიძგათ, რადგან პანდემიის პირობებში გააქტიურებული ონლაინ-გამოწერების დროს, მიტანის მომსახურებით დისკომფორტი ექმნებოდათ.

„ინსპირაცია გახდა ჩვენივე უკმაყოფილება ბაზარზე არსებული ონლაინ შესყიდვების პროცესით და შემდგომ უხარისხო მიტანის სერვისით. shopshop-ი შეიქმნა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მოსახერხებელ და უსაფთრხო შოპინგს სახლიდან გაუსვლელად, დროის და ენერგიის დაზოგვას და მაღაზიების ფართო არჩევანს, რაც მომხმარებელს ოპტიმალურ დროში ჩვენთან შეძენილი ნებისმიერ ნივთს მიღების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიტანის სერვისის თანამშრომლებს „ბედნიერების მიმტანებს“ ვეძახით, რადგან ისინი ადამიანთა სურვილებს მაქსიმალურად სწრაფად ასრულებენ“, - განმარტა Shopshop-ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიაში დღეს 10 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც პროდუქტის მიწოდებას თბილისის მასშტაბით მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ Shopshop.ge ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, მის დამფუძნებლებს სამომავლოდ ქვეყნის საზღვრების მიღმა გასვლაც აქვთ დაგეგმილი.

„გვინდა, რომ მიმდინარე წელს ხალხმა გაიგოს რომ Shopshop-ი არსებობს, ხოლო 2021 წლის ბოლოს ვაპირებთ გავხდეთ “top of mind” შოპინგ მოლი, რომელიც პირველი გაახსენდებათ ადამიანებს ონლაინ ნებისმიერი ნივთის შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას. რამდენს გავყიდით ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები იყვნენ ბედნიერები, რადგან გვჯერა რომ მხოლოდ ბედნიერ ადამიანებს შეუძლიათ სხვისი გაბედნიერება“, - უთხრა BM.GE-ის ლევან ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები