აღნიშნულ საკითხზე დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა მას არ განუმარტავს, რატომ გახდა საჭირო ზღვარის 20 მილიონამდე გაზრდა. მან თქვა, რომ საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ფინანსთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც პროეტების ეფექტურობას განსაზღვრავს.
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ფინანსთა სამინისტროსთვის, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო ინვესტიციების ხარისხი და მოლოდინები, ამა თუ იმ პროექტის შესახებ, რომელიც განხორციელების საწყის ეტაპზე არსებობს, რომ შევადაროთ მისი დასრულების შემდგომ რამდენად იქნა გამართლებული.
ამ ეტაპზე ახალი პროექტების შეფასება დავიწყეთ, რომელებიც 20 მილიონ ლარს აღემატება და პერიოდულად აღნიშნული ზღვარი შემცირდება. პირველი შემცირდება 5 მილიონ ლარამდე იქნება და 5 მილიონი ლარის ზევით ახალი პროექტები, მის განხორციელებამდე და ბიუჯეტში მოხვედრამდე შესაბამის ეკონომიკურ შეფასებას გაივლის“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თუ პროექტი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საპროექტო ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება, ის საინვესტიციო პროექტად ითვლება. საქართველოს საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი და მეთოდოლოგია აქვს და ის სწორედ 5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის წინასწარ შეფასებას გულისხმობს, თუმცა პრაქტიკაში ჯერჯერობით, სრულად დანერგილი არაა. იგეგმება, რომ სწორედ არსებული 5-მილიონიანი ზღვარი 20 მილიონამდე გაიზარდოს.