ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიით 2023 წელს 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 10-მდე ახალი პროექტი შეფასდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის 2023 წლის ბიუჯეტის ანგარიშშია აღნიშნული, რომლითაც უწყების ხელმძღვანელი პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.
მისი თქმით, 2023 წლიდან, საინვესტიციო პროექტების შეფასების ვალდებულება, უკვე საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2023 წლიდან შესაბამის ბიუჯეტში ასახვამდე ყველა ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი უნდა მომზადდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად და გაიაროს წინასწარი შეფასების და საბოლოო შერჩევის ეტაპები.
„2023 წელს მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგია, რომელიც ვრცელდება ყველა ახალ საინვესტიციო/კაპიტალურ პროექტზე და პროექტის ღირებულების და სპეციფიკის მიხედვით, მეთოდოლოგიაში დაკონკრეტებულია თუ რა სახის ინფორმაციის მომზადებაა საჭირო, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებზე.
პროექტების საბოლოო შერჩევის ეტაპზე, საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების შესახებ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, პროექტის განხორციელება/არ განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭო. (2023 წელს ახალი მეთოდოლოგიით შეფასდა 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 10-მდე ახალი პროექტი)“, - ამბობს ლაშა ხუციშვილმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგადად, საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის გამოყენება, ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანი ეტაპია, საჯარო ფინანსების მართვისთვის, რათა მოხდეს რესურსების მაქსიმალურად ეფექტური და ეფექტიანი განაწილება.
„მისი გამოყენება უმნიშვნელოვანესი ეტაპია სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის მიზნებისათვისაც, საერთაშორისო თუ ორმხრივი დონორი ორგანიზაციებიდან საინვესტიციო პროექტებისთვის დაფინანსების მოთხოვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო პროექტების ელექტრონული მოდულის (ePIM) შექმნაზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება საინვესტიციო პროექტების სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვა და მისი მონიტორინგი“, - აღნიშნავს მინისტრი ანგარიშში.