მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაცია კვების სექტორისთვის - "96 ობიექტიდან 68%-მა არ იცის, რა არის HACCP"

61cc36963fdf3
ელენე გოგბერაშვილი
01.01.22 14:30
2542
2021 წლის 1-ელი ივნისიდან საქართველოში არსებული რესტორნები, კაფეები-ბარები და ჰორეკა სექტორში მოქმედი სხვა ობიექტები, რომლებიც სურსათის გადამუშავებას და მიწოდებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან, HACCP-ის სტანდარტი დანერგონ.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.

იმის გამო, რომ კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტებზე გადასვლა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვევა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნესს 2022 წლის იანვრამდე საშეღავათო პერიოდი მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს სეს-მა გარდამავალი პერიოდი დაუწესა, ახალ რეგულაციების დაკმაყოფილება ობიექტების დიდ ნაწილისთვის ისევ გამოწვევაა. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, ამას ადასტურებს მათ მიერ ჩატარებული კვლევაც.

„მომზადებული კი არა, რეგიონებში ბევრმა არც კი იცის, რაზეა საუბარი. საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია დონორთან ერთად აკეთებს პროექტს, რომლის მიზანია, რეგიონებში დავეხმაროთ კვების დაწესებულებებს დანერგონ მოთხოვნილი სტანდარტი. კვლევა მოგვთხოვეს დონორებმა და აღმოვაჩინეთ, რომ რეგიონებში ბიზნესებმა არ იციან HACCP-ის არსებობს და სავალდებულოა. 

96 ობიექტი გამოვკითხეთ, თითო რეგიონიდან 5-6 ობიექტი, 68%-მა არ იცოდა ჰასპის სტანდარტების შესახებ, არადა იმერეთში, რაჭაში, აჭარაში ამაზე გააკეთა სეს-მა საინფორმაციო ტრენინგი, თუმცა 12 ათასამდე კვების დაწესებულებაა საქართველოში და არ არის საკმარისი ასეთი ინფორმირება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჯერ ლოიალური მიდგომა აქვს, მაგრამ გრძელ ვადაში რა მოხდება არ ვიცი. მაგალითად, 10 დღის წინ მივიდნენ რამდენიმე ობიექტზე თბილისში და მოითხოვეს ხარვეზების გამოსწორება.

ძალიან აბსურდულ რამეს ეუბნებიან, მაგალითად "საკურას", რომელიც პატარა ობიექტია, პერსონალის გასახდელი მოთხოვეს, რომელსაც ფიზიკურად ვერ გააკეთებს, რადგან არ არის შესაბამისი ადგილი, არადა HACCP ითხოვს. ასეთი თემები არ არის გააზრებული და გათვალისწინებული, ინდივიდუალურად არ უდგებინ; როცა უხსნი, რომ არ გამოვა, რადგან 30 კვ/მ-ის ფართი მაქვს, გეუბნებიან, რომ უნდა გააკეთო“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

მისი თქმით, თბილისში მდებარე კვების ობიექტებს, ძირითადად, სწორედ ფართის სიმცირესთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები.

"თბილსში ბევრი ობიექტი გაკოტრდა. ზოგი ადგა და რომ არ გაკოტრებულიყო, დიდი ობიექტის მაგივრად პატარა შექმნა, მაგალითად "პურ-პური", რომელიც იყო დიდი და გახდა პატარა, რომ არ მოკვდეს და გადარჩეს. ამ პატარა სივრცეში იგივე სტანდარტებს სთხოვენ, რასაც სთხოვენ, მაგალითად, წისქვილს. ევროპაში ასე არ ხდება. მოვიძიეთ ინფორმაცია და მაგალითად, იტალიაში 4 საფეხურის ობიექტი არსებობს და თითოეულის შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომა და მოთხოვნებია. ჩვენთან ასე არ არის. აქ არის ერთი მთავარი მოთხოვნა და მორჩა“, - აცხადებს  ქოქიაშვილი.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, HACCP-ის დანერგვა, განსაკუთრებით რეგიონებში საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს, რაც პრობლემაა.

"HACCP ითხოვს 1,6 მეტრზე იყოს კაფელი, დაბლა მეტლახი, უჟანგავი ჭერი, ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ასეთი ხისტი მიდგომით. ადამიანებს ფინანასები არ აქვთ, რომ რემონტი დაიწყონ.

სტანდარტი ითხოვს ასევე გამწოვ სისტემებს. რომელ ობიექტებსაც არ აქვს, უნდა იცოდე, რომ 50 ათასი გჭირდება 25 კვ/მ ფართზეც კი, მითუმეტეს მაშინ, როცა ძალიან გაძვირდა სამზარეულოს დანადგარები. HACCP ითხოვს გამწოვ სისტემას და წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გააკეთოს ეს რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ობიექტმა?! აბსურდული თემაა.

ამ ყველაფერს დიდი პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვება. ამას სჭირდება კარგი PRკამპანია და სწორად დაგეგმილი აქტივობები. ვადებსა და სწორ მექანიზმზე ვსაუბრობ, თორემ წინააღმდეგი კი არ ვარ“, - აცხადებს ქოქიაშვილი.

სეს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ორი თვის წინ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ იანვრიდან მისი სამსახური ობიექტების შემოწმებას გააქტიურებს. ვასილ ბასილაძე ირწმუნებოდა, რომ სააგენტოს სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, ბიზნესს დამატებით გონივრული ვადა მისცენ.

თუ კვების ობიექტები შესაბამის ინფრასტრუქტურას სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოიყვანენ, ან დახურვა ან შესაბამისი ჯარიმების გადახდა მოუწევთ. კანონმდებლობის თანახმად, მცირე ბიზნესი 200-ლარიან, მსხვილი ბიზნესი 400-ლარიან, განმეორებით შემთხვევაში კი 1200-ლარიან საჯარიმო სანქციას ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები