მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით 31 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა - ანგარიში

6481e8bbd91f3
BM.GE
08.06.23 19:30
352
აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში მოისმინეს. ანგარიში სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2022 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით განხორციელდა 31 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი, რაც 41%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

"ობიექტების შემოწმების ჯერადობა სპეციალური ელექტრონული პროგრამით შეირჩევა, რაც გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს. პრიორიტეტულია ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, აგრარული ბაზრები, სკოლების და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები, რძის წარმოებები, რომელთა კონტროლის ჯერადობა მაღალია.

ვეტერინარული კონტროლის კუთხით, შარშან, 970 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა და 42 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიზნით, ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ვეტერინალური მანიპულაცია ტარდება და ასე იყო შარშანაც", - თქვა ჩეკურაშვილმა.

მომხსენებელმა ასევე დეტალურად ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის შემცირების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მცენარეთა დაცვისა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შარშან თითქმის 251 185 ჰექტარი ფართობი დამუშავდა, კალიების საწინააღმდეგოდ - 100 000 ჰექტრამდე და ა. შ.

მომხსენებელმა DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის ჩათვლით მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ხოლო 2023 წელს DCFTA-ის ფარგლებში დაგეგმილია 22 საკანონმდებლო აქტის დაახლოება.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია: ქართული თაფლის, შავი ზღვის ქაფშიის, შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების, ლოკოკინების და არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი", - თქვა ჩეკურაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები