2024 წელს გამოკვლეული თაფლის 100 ნიმუშიდან დარღვევა 5-ში გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებით ირკვევა, თაფლი, რომლის შემცველობაშიც ანტიბიოტიკის ნარჩენები გამოვლინდა, ბაზრიდან ამოღებულია.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების კვლევის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლია. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ანტიბიოტიკების ნარჩენები (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი) გამოვლინდა თაფლის 5 ნიმუშში.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ ბაზრიდან ამოღება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ დარღვევით წარმოებული თაფლის გამოვლენის შემთხვევები შემცირებულია.
"აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ სურსათის და ვეტერინარიის მიმართულებით გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის, ბიზნესოპერატორებთან თანამშრომლობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, თაფლში დარღვევები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი 2017-2018 წლებში, 100 ნიმუშიდან შეუსაბამობა 50 პროცენტში აღინიშნებოდა, 2019 წლიდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში წარმოებული თაფლი ევროკავშირისა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, რისთვისაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად, "თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს".
"2015 წელს დამტკიცდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და განისაზღვრა აკრძალული პრეპარატების (ანტიბიოტიკების) ნუსხა; დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებელი ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა; გაუმჯობესდა ლაბორატორიული შესაძლებლობები და დაინერგა თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია; 2016 წელს ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაუშვა", - წერს სააგენტო.
2024 წელს საქართველომ 26 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 3.57 ტონა თაფლი შეისყიდა. 2023 წელს კი 36.6 ათასი დოლარის 5.74 ტონა თაფლის იმპორტი განხორციელდა - კლება 28%-ია.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან 271 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 33.8 ტონა თაფლი გავიდა ექსპორტზე, რაც 2023-თან შედარებით, თითქმის 64.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2023 წელს ექსპორტზე 762 ათასი დოლარის 110.4 ტონა თაფლი გავიდა.