სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
უწყების განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობასა და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად ინფექცია არ გამოვლენილა.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს.
შეგახსენებთ, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა რევაზ ვაშაკიძემ BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" განაცხადა, რომ მეფრინველეობის სექტორში ქათმის გრიპის (H9N2) ვირუსი გავრცელდა, რის გამოც ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას წარმოების, 4 თვით, სრულად გაჩერება და გენერალური სანიტარიული დეზინფექციის ჩატარება დასჭირდა.
























