ახალქალაქში, სოფელ ალასტანში 700 ტონა კარტოფილი უფუჭდებათ, 180–მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოსახლეობა კარტოფილის დაყრას მერიის წინ ფიქრობს - ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივმა მედია საშუალებამ Sknews-მა გაავრცელა.
ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ მოსავლის რეალიზაცია უცხოეთიდან ტონობით შემოტანილი კარტოფილის გამო გაუჭირდათ.
BM.GE-მ დღეს სოფელ ალასტანში კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომაროება მოიკითხა და სოფელში მერის წარმომადგენელს არტურ ირიციანს დაუკავშირდა.
მისი ინფორმაციით, დღეისთვის კარტოფილის შეძენის მსურველები სოფელში ჩადიან და პროდუქტს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობენ.
„ამ დროისთვის მანქანებს კარტოფილი 30-35 თეთრად გააქვთ, ფერმერებსაც სხვა გზა არ აქვთ, გაფუჭებას ურჩევნიათ, რომ მინიმალურ ფასად გაყიდონ. ამით კი კარტოფილის მოყვანაზე გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებენ. კარტოფილი უკვე ფუჭდება და 20 დღეში უვარგისი გახდება. არაფრის თქმა არ შემიძლია, ამ პრობლემის მოგვარება ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო. ახალქალაქის მერს რაც შეუძლია აკეთებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილიც მისწერა, მაგრამ რა პასუხია ვერ გეტყვით.
ხალხი ამ საქმით ირჩენს თავს. ახალქალაქში 64 სოფელია და ყველა სოფელში ასეთი მდგომაროებაა. ახლა მთავარია, რომ ფერმერებმა მოასწრონ და მინიმალურ ფასად მაინც გაყიდონ კარტოფილი“, - აცხადებს ახალქალაქის მერის წარმომადგენელი სოფელ ალასტანში.
არტურ ირიციანი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავს, ხოლო წელს პრობლემის დღის წესრიგში დადგომის მიზეზად გაზრდილ მოსავლიანობას ასახელებს.
„თუ გასულ წელს 200 ჰა მიწა მუშავდებოდა, წელს ადგილობრივებმა კარტოფილი 300-400 ჰა-ზე მოიყვანეს, მოთხოვნა კი ისეთი არაა მიწოდება დააბალანსოს“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: პანდემიურ 2020 წელს კარტოფილის იმპორტი 46.1%-ით გაიზარდა და 17 980.6 ტონა კარტოფილის შესაძენად ქვეყნიდან 3.5 მლნ დოლარი გავიდა. ხოლო ექსპორტის ზრდამ 9.7% შეადგინა. რეალიზებული პროდუქტის ღირებულება გასულ წელს 1.1 მლნ დოლარი იყო.