აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას - ასეთია ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფის“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის შეფასება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. შესაბამის პოსტს პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
ის მიიჩნევს, რომ ზურაბ აზარაშვილმა ქვეყანაში ყველაზე განვითარებული სექტორი ჩამოშალა და განადგურების პირას მიიყვანა.
„აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!
ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს. მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას! აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაპოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში.
არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროს მთავრდება!“, - წერს „PSP ჯგუფის“ დამფუძნებელი.