საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან უწყების მართვასა და დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში არსებული პრობლემების გამო მოხსნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი დღის დილით მქონდა. მე ვხედავდი პრობლემებს, მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე - რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარების გამო გადადგა თუ არა მინისტრი, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა და განაცხადა: „ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო დარგის წარმომადგენლებთან. არ მინდა ნიუანსებში შესვლა, რა დონეზე და ვისგან იყო ეს პრობლემა, მაგრამ იგივე რესპუბლიკურის შემთხვევაში, იყო სხვა შემთხვევებიც ასეთი კომუნიკაციის პრობლემის არსებობისა... ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო კონკრეტული წარმომადგენლების, სპეციალისტების მხრიდან პრემიერთან შეხვედრის, ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს. ასეთი საკითხები უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს. აქ დავინახე პრობლემები და ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს არამხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ყველა სფეროში.
ჩემი მოწოდებაა ყველა საჯარო დაწესებულების, მინისტრის, თვითმმართველობის მიმართ ჰქონდეთ მჭიდრო კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან. ეს ყველაზე სწორი გზაა, იმისთვის რომ პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას.
პირადად როდესაც რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან მქონდა შეხვედრა. 8 ადამიანი მოვიდა, ინტელიგენტი, ექიმი ხალხი, რომლებსაც თავისი არგუმენტები ჰქონდათ. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მაგალითად თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან არასწორი პოზიცია... აქ რა თქმა უნდა თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც დარგის წარმომადგენლების მოდიან შენთან და გისაბუთებენ იმას, რომ რაღაცის გაკეთება უკეთესადაა შესაძლებელი, იქ საჭიროა ჯანსაღი მიდგომა და გათვალისწინება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნის დროს მას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები დაგეგმილი არ ჰქონდა. ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ხარვეზების გამო აზარაშვილი მოხსნა.
„როდესაც თქვენ დამისვით კითხვა სხვა მინისტრთან დაკავშირებით, მაშინ გითხარით, რომ ზოგადად, იმ მომენტისთვის, არ ვგეგმავდი არავითარ ცვლილებას. ეს იყო პროცესი, საბოლოო ჯამში იყო ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე და ა.შ. როცა ეს პასუხი გაგეცით, ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, დავინახე ხარვეზები და ამის გამო მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ყველაფერი პროცესია, დღეს კი ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილია.