მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების კომპანიები საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებენ

61c46d3031d46
მარიამ ვარადაშვილი
23.12.21 16:48
1013
აზარტული თამაშების კომპანიების ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა BMG-ის უთხრა, საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის რამდენიმე მუხლს, მათ შორის ასაკობრივი ზღვარის გაზრდის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. კერძოდ, პარალამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის მიხედვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე ასაკის პირები ვეღარ შეძლებენ.

“მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა სასამართლოს აუცილებლად მივმართავთ. ძალიან ბევრმა 25 წლამდე მომხმარებელმა მოგვმართა, რომ დავიცვათ მათი ინტერესები და დავეხმაროთ საკონსტიტუციო სასამართლოში. სავარაუდოდ, ასეც მოვიქცევით, რათა მათი ინტერესები დავიცვათ. პროცედურების მიხედვით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა”,-აცხადებს მამულაიშვილი.

მისივე განმარტებით, როცა ქვეყანაში არჩევით თანამდებობებზე მოქალაქეს 21 წლიდან ირჩევენ, ამის გათვალისწინებით მოქალაქეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საკუთარი თანხა სურვილისამებრ განკარგოს. მისივე თქმით, დაცვის სტრატეგიას იურისტები განსაზღვრავენ, რომლებიც უშუალოდ სარჩელზე იმუშავებენ.

დავის მეორე ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ქვეყანასთან ინვესტიციების დაცვის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას შეეხება.

“დავის მეორე ნაწილი შეეხება საქართველოს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან და შვედეთის სახელმწიფოსთან, ინვესტიციების დაცვის შესახებ. გადასახადების ზრდას რაც შეეხება, კონსტიტუცია ამასაც იცავს. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს კონკრეტულად ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს. ჩვენ საგადასახადო წნეხი 40-დან 70%-მდე გაგვეზარდა. ვგულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ და დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში რეგისტირებული კომპანიები არიან. ესენი არიან: “კრისტალბეთი; “აჭარაბეთი” და “ევროპაბეთი”.

კითხვაზე, რომელი კომპანიები აპირებენ საკონსტიტუციო დავას სახელმწიფოსთან, სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ სავარაუდოდ, მის მიერ ნახსენები სამივე კომპანია იდავებს სასამართლოში.

“შვედეთთან და ბრიტანეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მხოლოდდამხოლოდ სამ კომპანიას შეუძლია კონკრეტული მიმართულებით მოამზადოს სარჩელი. ცხადია, ისეთი კომპანია ინვესტორების დაცვის ნაწილს ვერ გაასაჩივრებს, რადგან ბრიტანელი ან შვედი ბენეფიციარების მფლობელობაში არ არის. ის, რომ გადასახადები გაიზარდა ამას ყველა კომპანია გაასაჩივრებს. ყველა კომპანიაში ვგულისხმობ აზარტული თამაშების ექვსივე ოპერატორს. ჩვენი მიზანი კონკრეტული ინვესტიციებისა და მომხმარებლის დაცვაა. ამისთვის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ”,-აცხადებს მამულაშივილი.

"აზარტული თამაშების რეგულირების ახალი კანონი" დაჩქარებული წესით პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.

აღნიშნული ცვლილებებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან, სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ბაზა  65-70%-ით გაიზრდება.

ამასთან, 1-ელი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც. კერძოდ, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები