მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზარტული თამაშების რეკლამის 10-წამიანი გამონაკლისიც უქმდება - პარლამენტი დოკუმენტს ამკაცრებს

61bc6cf0ba0ab
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.21 14:49
893
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ "მაუწყებლობის შესახებ კანონის" გამონაკლისი, რაც აზარტული თამაშების რეგულირების პაკეტის ნაწილი იყო და ტოვებდა გამონაკლისს, რომ სპორტული ღონისძიების სპონსორობის დროს საათში ერთხელ 10 წამით გაჟღერებულიყო აზარტული თამაშების ოპერატორის სახელი, შეიცვლება და კანონპროექტიდან ეს გამონაკლისიც ამოვა. შედეგად, სატელევიზიო სექტორში, როგორც ძირითადი საეთერო მაუწყებლების, ასევე სპორტული ტელევიზიების მიმართულებით აზარტული თამაშების ნებისმიერი სახით რეკლამირება აიკრძალება.

“პირველ მოსმენაში [დოკუმენტში] იყო, რომ შეიძლებოდა სპონსორობის დროს 10-წამიანი გამოცხადება ანუ ეს ყველაფერი მოიხსნა, ანუ სატელევიზიო რეკლამა სრულად არის ყველასთვის აკრძალული.

საერთაშორისო თამაშებსა და ღონისძიებებში არის მოედნებზე [ბანერები] და ამას ვერ აკრძალავ და ეს მოდელი არის ამაში გადმოტანილი. თუ ტრანსლიაცია მიმდინარეობს, გამოჩნდება [ბრენდი] და ამას ვერაფერს მოუხერხებ,” - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა კანონპროექტის დოკუმენტშიც, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებში ამჟამად წერია:

“აკრძალულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება,” - ნათქვამია კანონპროექტში.

გადავადდა ცვლილებების ამოქმედების ვადაც - თუკი პირველადი პროექტით ის 2022 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, განახლებული ნორმა 2022 წლის მარტში შევა ძალაში, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ტელევიზიებთან მიღწეულ დათმობად აფასებს.

თავის მხრივ, ტელევიზიები ცვლილებას უკიდურესად მძიმედ აფასებენ. მათ დღეს პარლამენტის კომიტეტს წარუდგინეს საკუთარი ხედვა თუ რა მოდელით ფიქრობენ, რომ შეიძლება აზარტული თამაშების რეკლამირება შეზღუდული სახით და გაფრთხილებების თანხლებით დარჩეს ტელეეთერებში, თუმცა პარლამენტმა ამ დოკუმენტის საჯარო გაცნობაზე უარი თქვა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2021 წელს აზარტული თამაშების რეკლამების მოცულობა 30 მილიონ ლარამდე იყო. სწორედ ამდენ თანხებს დაკარგავს საქართველოს სარეკლამო ბაზარი 2022 წელს. ტელევიზიებთან ერთად შემოსავალი მოაკლდებათ სარეკლამო სტუდიებს, რადიოებს და სხვა ბიზნესებს, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართული.

პარლამენტმა აზარტული თამაშების რეგულირების პაკეტს პირველი მოსმენით კენჭი ოთხშაბათს უყარა, ამჟამად მეორე მოსმენით მიმდინარეობს მისი განხილვა. დოკუმენტი კანონად წლის ბოლომდე იქცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები