„უნდა ვიცოდეთ, სად გადის გადასახადების მაქსიმალური ზღვარი,“ - ამის შესახებ „კრისტალბეთის“ წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ.
უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან 15%-მდე იზრდება.
საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება ასევე სათამაშო აპარატების თამაშობებში მონაწილე პირის მიერ გატანილი თანხა.
ცვლილების შედეგად, 2024 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება.
სათამაშო ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ყოველ წელს საგადასახადო ტვირთის ზრდის გათვალისწინებით, სათამაშო ინდუსტრია არასტაბილურ საინვესტიციო მიმართულებად იქცა საქართველოში.
„ჩვენ წარმოვადგენთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ სათამაშო კომპანიას. ENTAIN ჯგუფის წარმომადგენლები ვართ, რომელიც საქართველოში 3 წლის წინ შემოვიდა. საკმაოდ მსხვილი პირდაპირი ინვესტირება გააკეთა ქართულ ეკონომიკაში, მას შემდეგ საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები გვქონდა, თუმცა ყოველ წელს, შემოდგომაზე ვიკრიბებით და ვამბობთ, რომ იზრდება გადასახადები. საბოლოოდ სურათი იქმნება, რომ სათამაშო ბიზნესი საქართველოში არის ყველაზე არასტაბილური ინვესტირებისთვის ანუ ვინმე რომ შემოვიდეს მსხვილი კომპანია, როგორც ENTAIN ჯგუფის შემთხვევაში იყო, არანაირად არ უღირთ უკვე დიდ მსოფლიო ბაზარზე მოთამაშე ჯგუფებს საქართველოში ამ ბიზნესში ინვესტირება... რაღაც დონეზე უნდა ვიცოდეთ, სად გადის გადასახადების მაქსიმალური ზღვარი.
ყველაზე ცუდი საინვესტიციო გარემო იქმნება, საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები გვქონდა და იმის გამო, რომ ყოველ შემოდგომაზე ვაძვირებთ 50-60%-ით საგადასახადო ტვირთს, [ENTAIN] ვერ ხვდებიან რას უნდა ელოდონ მომავალ წელს“,- განაცხადა ირაკლი წიკლაურმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმ დათქმით, რომ მეორე განხილვამდე კერძო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.