საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში მაღალი ტემპებით იზრდებოდა. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი ვებგვერდი, რომლებზეც წლიური ბრუნვა მილიარდობით ლარია.
ონლაინ-კაზინოს შემოსავალი არის ფსონების სახით მიღებულ თანხას გამოკლებული გაცემული მოგება. ამ მაჩვენებელს GGR ეწოდება. ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში მოქმედი 6 ონლაინ-კაზინოს ჯამურმა შემოსავალმა 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს თანხა წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.
2025 წლიდან აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადების ზრდა იგეგმება - ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ონლაინ კაზინოების მოგების გადასახადის განაკვეთი მათი წმინდა სათამაშო შემოსავლის GGR-ის 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ამ მატებით ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება.
2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, სექტორის უმსხვილესი მოთამაშეა კრისტალბეთი, რომელიც აზარტული თამაშების საერთაშორისო ჯგუფის Entain-ის შემადგენლობაშია. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი საქართველოს ბაზარზე 448 მილიონ ლარს შეადგენდა.
შემოსავლებით მეორე ადგილზეა აჭარაბეთი, რომელიც ასევე საერთაშორისო აზარტული თამაშების ჯგუფის, Flutter-ის შემადგენლობაშია. 2023 წელს აჭარაბეთმა 404 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
გასულ წელს სექტორის 6 მთავარი მოთამაშის ჯამური წმინდა მოგება 508 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის ₾1.7-მილიარდიანი შემოსავლები კომპანიების მიხედვით:
1) კრისტალბეთი
- შემოსავალი 2023 წელს - 448,597,000 ლარი, წლიური ზრდა 8%;
- მოგება 2023 წელს - 134,164,000 ლარი, წლიური ზრდა 25%.
2) აჭარაბეთი
- შემოსავალი 2023 წელს - 404,262,000 ლარი, წლიური ზრდა 15%;
- მოგება 2023 წელს - 57,064,000 ლარი, წლიური კლება 26%.
3) კროკობეთი
- შემოსავალი 2023 წელს - 338,717,000 ლარი, წლიური ზრდა 50%;
- მოგება 2023 წელს - 174,322,000 ლარი, წლიური ზრდა 189%.
4) ბეთლაივი
- შემოსავალი 2023 წელს - 174,147,890 ლარი, წლიური ზრდა 28%;
- მოგება 2023 წელს - 55,982,654 ლარი, წლიური ზრდა 18%.
5) ლიდერბეთი
- შემოსავალი 2023 წელს - 173,278,000 ლარი, წლიური ზრდა 10%;
- მოგება 2023 წელს - 50,368,000 ლარი, წლიური ზრდა 15%.
6) ევროპაბეთი
- შემოსავალი 2023 წელს - 164,829,000 ლარი, წლიური ზრდა 9%;
- მოგება 2023 წელს - 36,663,000 ლარი, წლიური ზრდა 7%.
საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორი 2022 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა, რადგანაც 25 წლამდე პირებს; ასევე საჯარო მოხელეებსა და სოცდაუცველებს თამაში აეკრძალათ. პარალელურად, აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც.
პარალელურად, შეიცვალა სექტორის დაბეგვრის სისტემაც. თუკი წარსულში ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიები განაწილებული მოგების გადასახადით იბეგრებოდნენ, 2022 წლიდან მათ მიერ გადასახდელი გადასახადი GGR-ს ანუ წმინდა სათამაშო შემოსავალს მიება. თავდაპირველად ის 10%-ით განისაზღვრა, 2024 წლიდან 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლიდან ის 20% იქნება.