პარლამენტის კომიტეტებში აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადების ზრდის კანონპროექტის განხილვები დაიწყო. ცვლილების შედეგად, 2024 წელს აზარტული თამაშების ბიზნესიდან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება.
"ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან 15%-მდე იზრდება.
საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება ასევე სათამაშო აპარატების თამაშობებში მონაწილე პირის მიერ გატანილი თანხა.
„ეს ორი გადასახადი ჯამურად თბილისში ჩვენი სათამაშო აპარატების საოპერაციო მოგების 98%-ს შეადგენს, ხოლო ბათუმში 128%-ს, რაც აბსოლუტურად ამას [საქმიანობას] ყოველგვარ თეორიულ აზრს აკარგინებს“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სილქ როუდ ჯგუფის მართვაში არსებული კაზინოების „ივერია თბილისისა“ და „ივერია ბათუმის“ წარმომადგენელმა დავით რაფავამ.
მისი თქმით, ცვლილებებს გავლენა როგორც სათამაშო ბიზნესის ფუნქციონირებაზე, ისე მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე ექნება და ტურიზმიც დაზარალდება.
„ჩვენ წლის განმავლობაში ბიუჯეტში 28 მილიონ ლარს ვიხდით. ამ ორი გადასახადის ჯამი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სამჯერ გვეზრდება გადასახადი, რაც წარმოუდგენელია და ამას 2 თვით ადრე ვიგებთ.
ეს ასევე ძალიან დაარტყამს ტურიზმს. თქვენ იცით, რომ ბათუმის ტურისტული ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი არის კაზინო. კორელაცია ტურისტების ნაკადის და კაზინოში შემოსულ მოთამაშეებს შორის ხშირად 100%-ს აღწევს. დიდწილად მათი საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი აზარტული თამაშებია.
იმის გარდა, რომ შემცირდება სლოტების რაოდენობა და გადასახადი, ხალხის გაშვება მოგვიწევს. 1000 კაცი მუშაობს მხოლოდ ჩვენთან კაზინოში, საიდანაც ნახევარი სლოტებზეა დაკავებული.
ზოგი კაზინო დაიხურება და ბიზნესის შეხვედრაზე ბევრმა პირდაპირ თქვა, რომ დაიხურებიან“,-განაცხადა კომიტეტზე დავით რაფავამ.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმ დათქმით, რომ მეორე განხილვამდე კერძო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.