"აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დეტალურ მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
დავით სონღულაშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია და მხარს დაუჭერენ დეპუტატები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ და არ დაუჭერენ ისინი, ვისაც ამის სურვილი არ აქვს.
„კანონპროექტი ახალი არ არის, ის სხავადასხვა ფორმით, უკვე 7-8 წელია სხვადასხვა უწყებაში მუსირებს, უბრალოდ, მისი მიღების ვადები დაჩქარდა. კანონის მიღება ემსახურება იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ეს არის პოლიტიკური და არა ეკონომიკური გადაწყვეტილება, რომელსაც შესაბამისად, ახლავს თანმდევი ეფექტები, რაც გააზრებულად ვიცით, თუმცა ჩვენთვის ის უფრო პრინციპულად მნიშვნელოვანია, რა რეალობაც დღეს დგას, ვიდრე ის გარემოებები, რაც შეიძლება კანონის მიღებამ გამოიწვიოს. ამის შემდეგ რაიმე დეტალურ მსჯელობაში შესვლას მგონია, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - მიმართა საკითხით დაინტერესებულ პირებს დავით სუნღულაშვილმა.
ცნობისთვის: ცვლილება შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში, რომლის თანახმად, 25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სოციალურად დაუცველბს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთამაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. იკრძალება აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამირებაც.




























