მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ - ალიევმა მემორანდუმი დაამტკიცა

ალიევი-ერდოღანი

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს ორმხრივ სამხედრო დახმარებას გაუწევენ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა შეიარაღებული აგრესიის სამიზნე გახდება.

აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ცნობით, აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია "აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმში", რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

რვა მუხლისგან შემდგარი დოკუმენტის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, ერთმანეთს დახმარება გაუწიონ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში.

სამხედრო დახმარება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე შესრულდება, მათი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. გარდა ამისა, მშვიდობიანობის დროს, მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და მანევრებს.

მემორანდუმი მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობისა და სამხედრო უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. ამ ჩარჩოებში გათვალისწინებულია ურთიერთდახმარება თავდაცვის სფეროში, წვრთნები, მომარაგება და მხარეების ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება.

ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები ასევე აძლიერებენ ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას სამხედრო დაზვერვის სფეროში. კერძოდ, მათ შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში მოპოვებული ინფორმაცია და გამოიყენონ ის ერთობლივი ოპერაციების დროს.

ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც მემორანდუმის ინტერპრეტაციასთან ან იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წარმოიქმნება, მხოლოდ მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით გადაწყდება. დოკუმენტში ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი პირველად მიმდინარე წლის 22 ივლისს, სტამბოლში მოეწერა, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მიერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები