მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას მასპინძლობს

აზერბაიჯანი
11.11.24 13:48
237

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29)-ს მასპინძლობს. სამიტის გახსნის ღონისძიებაზე მასპინძელი ქვეყნის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხთარ ბაბაევმა განაცხადა, რომ COP29-ზე საკმარისი შესაძლებლობები გაჩნდება შემდეგი მოქმედებისთვის.

მისი თქმით, გარემოს პროგრამა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გლობალურად ტემპერატურამ 3 გრადუსით მოიმატა.

„ეს კატასტროფაზე მიგვანიშნებს. სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ამ პრობლემისგან ზარალდებიან. ისინი ჩვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან. ჩვენი გეგმა ამ მიმართულებით ამბიციის ზრდასა და მოქმედების გაძლიერებაში გამოიხატება. ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ამბიცია დაფინანსების ნაწილში და დამატებითი რესურსი მოვიზიდოთ. ამ შემთხვევაში საკვანძო საკითხი კოლექტიური ქმედების გაზრდაა, რომელიც ეფექტიანი უნდა იყოს. აქ საუბარია ასობით მილიარდ დოლარზე. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ 11 დღე გვაქვს. გვესმის, მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ კონფერენციის მთავარ მიზანს უნდა მივაღწიოთ. იმისთვის რომ ხვალ დავზოგოთ, ინვესტიციები დღეს უნდა მოვიზიდოთ.

კიდევ ერთი საკითხი მე-6 მუხლის შეთანხმების მიღწევაა. ვფიქრობ, COP26-ზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისი შესაძლებლობები გაჩნდება. ამ შემთხვევაში დაფინანსებასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტექნოლოგიების მიწოდება იმ სახელმწიფოებისთვის, ვინც ამას საჭიროებს. სწორედ მაშინ შევძლებთ მთავარი მიზნის მიღწევას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი შესაძლებლობაა“, - განაცხადა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.

გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია ფოკუსირებული იქნება კლიმატის გავლენის შეფასებაზე როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ლიდერები იმსჯელებენ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის ემისიების შემცირებას, რის გარეშეც გლობალური დათბობის მძიმე გავლენის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.

COP29-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები