"აზერბაიჯანი გვაფერხებს, რომ ტვირთი სწორად და სწრაფად განვსაზღვროთ და ცენტრალური აზიის მიმართულებით გავუშვათ", - ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანია Tradelog-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ კვარაცხელიამ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შუა დერეფნის მარშრუტის უფრო მეტად ეფექტიანად მუშაობისთვის ყველა ქვეყნის ჩართულობაა საჭირო. კვარაცხელია ყველაზე კრიტიკულად აზერბაიჯანში არსებულ ინფრასტრუქტურას ასახელებს.
“საქართველოს ტერიტორიაზე ასე თუ ისე ბოლო ერთი წელია კონტეინერების გადამუშავების ნაწილში სტაბილურობა შეინიშნება, თუმცა გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, ბევრია. ამ პროცესის წარმოება ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარჯზე ვერ მოხდება. ეს არის კომპლექსური პროცესი. მათ შორის აზერბაიჯანში ძალიან სერიოზული პრობლემებია. იქაური სივრცე გვაფერხებს რომ ტვირთბრუნვის ნაკადი სწორად და სწრაფად განვსაზღვროთ და გავუშვათ ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. ძირითად საკვანძო პრობლემას აქ ვხედავ", - განაცხადა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ "დროული ნაბიჯი უფრო მეტად შედეგზე გასვლის საშუალებას მოგვცემს".
"აქედან გამომდინარე, რაც უფრო სწრაფად მოვირგებთ და ოპერატიულად გავუძღვებით ამ პროცესს ყველა თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სახელმწიფოებრივი და კომერციული ინტერესი იქნება. ამიტომ, მაქსიმალურად ბევრი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ლოგისტიკური მიმართულებით",-დასძინა Tradelog-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, 2025 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) გადატანილი ტვირთის მოცულობა მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა, თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ მკვეთრი ზრდაა საკონტეინერო გადაზიდვებში. გასულ წელს გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 36%-ით არის გაზრდილი.




























