2 ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 სარკინიგზო რეისი შესრულდება. დამატებითი რეისების დანიშვნის შედეგად მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, დაახლოებით 46%-ით გაიზრდება, ხოლო ახალი რეისებით მგზავრობის ღირებულება 55 ლარიდან დაიწყება.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA აზერბაიჯანის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამატებითი რეისების ამოქმედება მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობასაც მისცემს. კერძოდ, დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი, რომელიც ყოფილი პლაცკარტის ტიპის ვაგონებს გულისხმობს, 36 აზერბაიჯანული მანათიდან, დაახლოებით 55 ლარიდან დაიწყება. ADY-ის განმარტებით, ახალი შეთავაზებით მგზავრობა დაახლოებით 30%-ით იაფი იქნება.
ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური საფასური სადგურების მიხედვით ასეთია:
- ბაქო-თბილისი – 82.5 ლარი (54 მანათი);
- ევლახი-თბილისი – 67.2 ლარი (44 მანათი);
- განჯა-თბილისი – 62.6 ლარი (41 მანათი);
- აღსტაფა-თბილისი – 58 ლარი (38 მანათი);
- ბიოუკ-კასიკი-თბილისი – 55 ლარი (36 მანათი).
შედარებისთვის, ამჟამად „Stadler“-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე კომფორტკლასით მგზავრობის მინიმალური საფასური 118.3 ლარია (77.50 მანათი), განჯიდან კი – 86.7 ლარი (56.80 მანათი).
დამატებითი რეისების ამოქმედებით მგზავრებს ღამის მგზავრობასთან ერთად დღისით მგზავრობის შესაძლებლობაც ექნებათ.
ახალი განრიგის მიხედვით, ამჟამად მოქმედი მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე ჩავა. თბილისიდან მატარებელი 11:00 საათზე დაიძრება და ბაქოს სარკინიგზო სადგურში 20:26 საათზე ჩავა.
დამატებითი რეისი კი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და საქართველოს დედაქალაქში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი თბილისიდან 22:00 საათზე დაიძრება და ბაქოში მომდევნო დღეს, 07:57 საათზე ჩავა.
ADY-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნა მხარეებს შორის ხანგრძლივი ერთობლივი მოსამზადებელი, ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
























