მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა 46%-ით იზრდება, ფასები კი მცირდება - განრიგი და ტარიფები

აზერბაიჯანის რკინიგზა

დღეიდან, 2 ნოემბრიდან, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ყოველდღიურად 4 სარკინიგზო რეისი შესრულდება. აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) ცნობით, დამატებითი რეისების დანიშვნის შედეგად მგზავრთა ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, დაახლოებით 46%-ით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ღირებულება 55 ლარიდან დაიწყება.

ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამატებითი რეისების ამოქმედება მგზავრებს უფრო დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. კერძოდ, დამატებით რეისებზე სტანდარტული კლასის ბილეთების ფასი (ყოფილი პლაცკარტი) 36 აზერბაიჯანული მანათიდან (დაახლოებით 55 ლარი) დაიწყება. ADY-ის განმარტებით, ახალი შეთავაზებით მგზავრობა დაახლოებით 30%-ით იაფი იქნება.

ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური საფასური სადგურების მიხედვით ასეთია:

  • ბაქო-თბილისი – 82.5 ლარი (54 მანათი);
  • ევლახი-თბილისი – 67.2 ლარი (44 მანათი);
  • განჯა-თბილისი – 62.6 ლარი (41 მანათი);
  • აღსტაფა-თბილისი – 58 ლარი (38 მანათი);
  • ბოიუკ-კასიკი-თბილისი – 55 ლარი (36 მანათი).

შედარებისთვის, ამჟამად „Stadler“-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე კომფორტკლასით მგზავრობის მინიმალური საფასური 118.3 ლარია (77.50 მანათი), განჯიდან კი – 86.7 ლარი (56.80 მანათი).

დამატებითი რეისების ამოქმედებით მგზავრებს ღამის მგზავრობასთან ერთად დღისით მგზავრობის შესაძლებლობაც ექნებათ:

  • მოქმედი განრიგი (ღამის რეისი): მატარებელი ბაქოდან 23:10 საათზე გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე ჩავა. თბილისიდან მატარებელი 11:00 საათზე დაიძრება და ბაქოს სარკინიგზო სადგურში 20:26 საათზე ჩავა.
  • ახალი განრიგი (დღის რეისი): მატარებელი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და საქართველოს დედაქალაქში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი თბილისიდან 22:00 საათზე დაიძრება და ბაქოში მომდევნო დღეს, 07:57 საათზე ჩავა.

ADY-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნა მხარეებს შორის ხანგრძლივი ერთობლივი მოსამზადებელი, ტექნიკური და ორგანიზაციული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები