აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანია ყაზანის მიმართულებით ფრენებს გაურკვეველი დროით აჩერებს.
აზერბაიჯანის ავიახაზების განცხადებით, ფრენების შეწყვეტის მიზეზი ბოლო დროს ყაზანის საჰაერო სივრცის გამუდმებული დახურვაა და ამ პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფრენებს აჩერებენ. ავიაკომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აკვირდებიან არსებულ ვითარებას და რაიმე ცვლილების შემთხვევაში მგზავრებს ინფორმაციას მიაწვდიან.
როგორც DW-ს რუსული გამოცემა წერს, ყაზანი უკვე რუსეთის მეთერთმეტე ქალაქია, სადაც აზერბაიჯანის ავიახაზებმა ფრენა გააჩერა. რეისების გაჩერება მოჰყვა გროზნოს თავზე მომხდარ ავიაკატასტროფას, რა დროსაც წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა, რადგან ამ დროს საჰაერო სივრცეში დრონებით შეტევა იყო. შედეგად Embraer-ის სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფიდან მალევე კომპანიამ ფრენები გააჩერა ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, მახაჩყალის და სხვა ქალაქების მიმართულებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანიის Embraer 190-ის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
აზერბაიჯანის ავიახაზების მსგავსად, ზოგიერთმა უცხოურმა ავიაკომპანიამ, რომლებიც ევროპული ავიაკომპანიებისგან განსხვავებით რუსეთში ჯერ კიდევ დაფრინავენ, განაცხადეს, რომ დროებით აჩერებენ რუსეთის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისებს. განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში. ეს ავიაკომპანიებია: ისრაელური El Al; FlyDubai; თურქმენეთის და ყაზახეთის ავიახაზები და Air Serbia.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ავიაციის ინდუსტრია დასანქცირდა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ფრენა აუკრძალა, ასევე ჩაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის.
ამის საპირისპიროდ, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსთან ფრენები 2023 წელს განაახლეს. ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკისა და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, მთავრობამ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტით გადაწყვეტილება ფრენების სასარგებლოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Red Wings-ი დაფრინავენ. BMG-მ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჰკითხა, რა მაჩვენებლები აქვთ წელს რუსულ ავიაკომპანიებს, თუმცა უწყებამ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა. შარშანდელი მონაცემებით კი, რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე ჯამში 3% იყო.