აზერბაიჯანის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტო ქართულ მედიასაშუალებებს: Imedi, Rustavi 2 და "პირველი არხი" საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. საინფორმაციო სააგენტო Report-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 2023-2024 წლებში 1TV.GE-ის, "იმედის" და "რუსთავი2-ის" ეთერში გასულ გადაცემებს.
აზერბაიჯანის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს ცნობით, "პირველ არხზე", "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე აზერბაიჯანული ცეკვა „ბასქალი“ წარმოდგენილი იყო, როგორც "სომხური შალახო". ამასთან, აზერბაიჯანული ხალხური სიმღერის "ბუ ქალა, დაშლი ქალას" გამოყენებისას არ იყო მითითებული მისი წყარო და ადამიანები, რომლებსაც ის ეკუთვნის.
Report-ის ინფორმაციით, COPAT-მა საავტორო უფლებების დარღვევებზე "საქპატენტს" 2024 წლის 21 ოქტომბერს მიმართა. სააგენტო ქართულ მხარეს სთხოვს, გამოიძიოს ამ დარღვევების მიზეზები, მიიღოს შესაბამისი ზომები, აცნობოს COPAT-ს ამის შესახებ და მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს საკითხი, რათა მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.
მედიის თქმით, საქპატენტმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართულ ტელეარხებზე სამუსიკო ნაწარმოებების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხს დააზუსტებს.
"ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ დარღვევების საკითხზე ყოვლისმომცველი ანალიზი ტარდება და საქპატენტი ელოდება გამოხმაურებას ადგილობრივი ტელეარხებისგან. ასევე ხაზგასმულია საჭიროების შემთხვევაში უფრო ფართო სასამართლო და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა", - წერია სტატიაში.